თამთა ჩაჩანიძე
19.11.2023

ისრაელი-„ჰამასის" ომი, როგორც ჩანს, დასკვნით ფაზაში შედის და უკვე დაიწყო საუბარი კონფლიქტის დასრულების შემდეგ რეგიონის პოლიტიკურ მოწყობაზე. აქტიურად განიხილება ღაზის სექტორიდან ისრაელის არმიის ნაწილების გასვლის შემდეგ რეგიონში სამშვიდობო ძალების შეყვანა. ცნობილი გახდა, რომ დასავლეთი საჭიროდ მიიჩნევს ომის შემდეგ ღაზის სექტორისა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროს გაერთიანებას. პალესტინის სახელმწიფოს შექმნას კი, სხვა ლიდერებთან ერთად, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც დაუჭირა მხარი.

რაც შეეხება თავად ღაზაში არსებულ სიტუაციას, ისრაელის სარდლობა აცხადებს, რომ სახმელეთო ოპერაციის დროს დასახული ყველა ამოცანა თითქმის მიღწეულია. ბოლო ცნობებით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილი ალყაშია მოქცეული, რომელიც თანდათან ვიწროვდება. ისრაელის შეიარაღებული ძალები წმენდენ მიწისქვეშა გვირაბებსაც, რომელიც „ჰამასს" კარგად აქვს გამაგრებული. „ჰამასის" ლიდერი კი არაბულ და მუსლიმურ ქვეყნებს მოუწოდებს, ალყის გარღვევის საკითხზე შეხვედრა გამართონ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მიუხედავად ისრაელის განცხადებისა დასახული მიზნების მიღწევის შესახებ, ომი ჯერ დასრულებული არ არის და ისრაელი დაწყებულს შუა გზაზე არ მიატოვებს, რადგან საფრთხეა, რომ „ჰამასმა" პოზიციები კვლავ გაიმყაროს.

რაც შეეხება ომის შემდგომ რეგიონის პოლიტიკურ მოწყობას, ანალიტიკოსთა აზრით, კონფლიქტის საბოლოო მოგვარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, რაზეც უკვე 70 წელზე მეტია მიდის საუბარი. თუმცა ამას რამდენიმე დამაბრკოლებელი ფაქტორი აქვს, მათ შორის ის, თუ რა საზღვრებში უნდა მოექცეს ეს სახელმწიფო.

რას მიაღწია სამხედრო კუთხით ისრაელმა

ისრაელის თავდაცვის არმიას (ცახალი) ღაზის ჩრდილოეთ ნაწილი, სადაც ანკლავის ძირითადი მართვითი ცენტრები იყო განთავსებული, ალყაში ჰყავს მოქცეული. პარალელურად ასუფთავებენ მიწისქვეშა გვირაბების ქსელს. ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს კომპლექსში ოპერაციული გვირაბის შახტი აღმოაჩინეს. მათივე მტკიცებით, ასევე აღმოაჩინეს მანქანა, რომელშიც დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა იყო განთავსებული. „ჰამასი" ამას უარყოფს.

18 ნოემბერს ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზაში მიზანს თითქმის მიაღწიეს. თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის თქმით, ისინი მალე მიწვდებიან „ჰამასის" წევრებს, რომლებიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში იმალებიან, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ დაუანონსებია, თუმცა ისინი „ამას მალე იგრძნობენ". გალანტი დასძენს, რომ მათი პრიორიტეტი მძევლების ოჯახებში დაბრუნებაა.

„სახმელეთო ოპერაციის მეორე ფაზაში ვიმყოფებით, ასევე (ღაზის) სექტორის აღმოსავლეთ ნაწილში ვმოქმედებთ. „ჰამასმა" ძლიერი დარტყმა მიიღო, ის მიწისქვეშა გვირაბებს, ბუნკერებს, საგუშაგოებს კარგავს... „ჰამასისთვის" მნიშვნელოვან ყველა ადგილს ვწვდებით და ვურტყამთ", - განაცხადა გალანტმა.

„ჰამასის" ლიდერი ისმაილ ჰანიე კი არაბული და მუსლიმი ქვეყნების ლიდერებს ღაზას ალყის გარღვევის საკითხზე შეხვედრის ჩატარებისკენ მოუწოდებს. „ჰამასის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიემ სატელეფონო საუბარი გამართა რეგიონულ და საერთაშორისო ლიდერებთან და მათ ღაზის სექტორში მიმდინარე აგრესიის შეჩერებისა და ანკლავის ალყის გარღვევასთან დაკავშირებით სასწრაფო შეხვედრის აუცილებლობაზე ესაუბრა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ღაზის სამხრეთი ნაწილი ჯერჯერობით „ჰამასის" ხელშია და ამიტომ ისრაელი საომარ მოქმედებებს ჯერჯერობით არ შეწყვეტს.

„დაკავებულია ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილის ძირითადი 70%, თუმცა სამხრეთი მთლიანად „ჰამასის" ხელშია. ისინი ცდილობენ, რომ გამოფიტვის სტრატეგია გამოიყენონ. არაბული სახელმწიფოებიც ცდილობენ, რომ ისრაელის ძალები გამოიფიტოს, რომ სექტორი მთლიანად ალყაში არ მოაქციონ. ისრაელის შეიარაღებული ძალები გვირაბებს წმენდენ, მაგრამ ეს ძალიან რთულია, დაახლოებით 5 ათასი გვირაბია და ზოგი ისა მყარადაა დაცული, რომ ადვილად ვერ მოანგრევ", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" ასევე აცხადებს, რომ საომარი მოქმედებების დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს.

„მემგონი საომარი მოქმედებების დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს. ალბათ ისრაელი ბოლომდე მივა, თუ რაღაც ძალიან დიდი საერთაშორისო წინააღმდეგობა არ შეხვდა. თანდათან სართაშრისო თანამეგობრობისგან ეს მოწოდებები მოდის, რომ შეწყვიტოს ეს ბრძოლა, მაგრამ სამხედრო თვალსაზრისით ის ნახევრად გაკეთებულ საქმეს ვერ მიატოვებს, რადგან მერე არსებობს რისკი, რომ „ჰამასი" ისევ გამაგრდეს და ისევ დაბრუნდეს ძველ ადგილებზე", - განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

რა აბრკოლებს პალესტინის სახელმწიფოს შექმნას

აშშ და ევროკავშირი, ისრაელ-„ჰამასის" ომის შემდგომ, ღაზისა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის გაერთიანების იდეას ემხრობიან.

„ვინაიდან ჩვენ მშვიდობისკენ მივისწრაფვით, ღაზა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურით, საბოლოო ჯამში - განახლებული პალესტინის ავტონომიით. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილებაზე. ორი სახელმწიფოს შექმნის გადაწყვეტილება ერთადერთი გზაა გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად როგორც ისრაელისთვის, ისე პალესტინელი ხალხისთვის", - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი კი ამბობს, რომ ღაზა პალესტინის ტერიტორიაა და დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა.

„ღაზა პალესტინის ტერიტორიაა. დაუშვებელია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და აღმოსავლეთ იერუსალიმის გაყოფა. არ არსებობს პალესტინის სამი ტერიტორია, არსებობს ერთი პალესტინა", - აცხადებს ბორელი.

დასავლელი ლიდერები აღნიშნავენ, რომ რეგიონში რთული ვითარების მიუხედავად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უახლოეს მომავალში დადგება გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.

ამის პარალელურად, ისრაელი და აშშ განიხილავენ ღაზას სექტორში სამშვიდობოების შეყვანის სცენარს, რომელთა შორის იქნებოდნენ არაბული ქვეყნების წარმომადგენლები. თუმცაღა იორდანიამ ამაში მისი სამხედრო კონტიგენტის მონაწილეობა გამორიცხა. ბაჰრეინში რეგიონული უსაფრთხოების კონფერენციაზე იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აიმან საფადიმ განაცხადა, რომ „არ გახდებიან პალესტინელების მტრები".

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბაჰრეინის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულატიფ ალ-ზაიანი და არაბთა გაერთიანებული საემიროების უფროსი დიპლომატიური მრჩეველი ანვარ გარგაში. მათ არ გასცეს მკაფიო პასუხი კითხვებზე ღაზას ომის შემდგომი სტრუქტურის შესახებ.

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნა დიდი ხნის იდეაა, თუმცა, მიუხედავად დასავლელი ლიდერების მონდომებისა, დღესაც არ იკვეთება ამის შესაძლებლობა და ძირითადი პრობლემა საზღვრების დადგენაა.

„ეს ძალიან დიდი ხნის იდეაა, რომელიც ათეული წლებია მუსირებს. ამ საქმეში ბევრი ადამიანი იყო ჩართული, მათ შორის ბევრმა ნობელის პრემიაც კი მიიღო მშვიდობის დარგში, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სამწუხაროდ, ეს ისეთი ადვილი არაა, როგლრც ერთი შეხედვით ჩანს.

„ისრაელი და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესებული არიან, რომ გაეროს მითითების მიხედვით ორი სახელმწიფოს გამიჯვნა მოხდეს, მაგრამ ყველაზე მთავარი, რაზეც შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, ესაა საზღვრების საკითხი. პალესტინელ მოსახლეობას მიაჩნია, რომ ისრაელს მათი ტერიტორიები აქვთ ოკუპირებული და ბუნებრივია, რომ ესაა ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი.

„რაც შეეხება სამშვიდობო ძალების შეყვანას, ეს რა თქმა უნდა კარგი იქნება, განსაკუთრებით იმისათვის, რომ ღაზის სექტორიში „ჰამასის" ბატონობა არ დაბრუნდეს, რადგან ყველა მიხვდა ამან რა შეიძლება გამოიწვიოს. თუ საერთაშორისო თანამეგობრობა ამაში ჩაერთვება და მოხდება ის, რომ ღაზას პალესტინის ადმინისტრაცია მართავს და არა „ჰამასი", როგორც მანამდე იყო, ამით, შესაძლოა, პალესტინელების ნაკლები რადიკალიზაცია მოხდეს, რაც მათ შემდგომში უკვე მოლაპარაკებისკენ უბიძგებს. მაგრამ ახლა, უახლოეს მომავალში, პალესტინის სახელწიფოს შექმნა ომის ფონზე ძალიან გაჭირდება, რადგან როცა ათიათასობით ადამიანი სახლის გარეშე რჩება, ბავშვები და ქალები იღუპებიან, ძალიან რთულია ეს გადაწყვეტილება. თუმცა ფაქტია, რომ ეს არის ის, რაც ამ რეგიონს სჭირდება.

„სახელმწიფოს ჩამოყალიბების სხვადასხვა მოდელი არსებობს. მთავარია პოლიტიკური ნება არსებობდეს პალესტინელებისგან, ისრაელისგან და საერთაშორისო თანამეგობრობისგან", -განაცხადა კაკაჩიამ „რეზონანსთან".

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აღნიშნავს, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის პერსპექტივა ჯერ არ იკვეთება.

„პალესტინის სახელწიფო რომ უნდა შეიქმნას, ეს ფაქტია, მაგრამ, როგორ და რა პრინციპით - ჯერჯერობით ამაზე საუბარი რთული და შორია. საომარი მოქმედებები სანამ არ მინელდება, ეს ჯერ ადრეა. კარგია, რომ ამერიკელებმა ეს აღიარეს, ეს დადებითიო მომენტია. თუ ისეთი ვარიანტი განვითარდა, როცა ლიბანის 1982 წლის ომში ამერიკული და ფრანგული სამშვიდობოების შეყვანა მოხდა და ისრაელი ამაზე დათანხმდა, მაშინ კი, ბატონო. ღაზის სექტორზე შესაძლოა ლიბანის ვარიანტი გამოიყენონ, თუმცა ამაზე „ჰამასი" და „ჰეზბოლა" არ წავლენ, ამას მუშაობა სჭირდება, რომ ყატარისა და იორდანიის მეშვეობით „ჰამასის" ხელმძღვანელობა დაარწმუნონ ამ საქმის აუცილებლობაში, თუკი ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×