ელზა პაპოშვილი
17.01.2024

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის გამაგრებების დაკავებას უშედეგოდ ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების არეალი ფრონტის ხაზის 1 000 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. გენშტაბის ბოლო ცნობების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა 1 100-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 372 000-ს ჯარისკაცს მიაღწია.    

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები ახლა აქტიურ თავდაცვაში იმყოფება და ფრონტის აღმოსავლეთის 1000 კმ-იან მონაკვეთზე პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები ახორციელებენ მცირე კონტრშეტევებს, აკავებენ მტერს, ეძებენ შესაძლებლობებს დარტყმისთვის, მოწინააღმდეგე კი ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს. „ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, მტრის გამოფიტვა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით“, - განმარტა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

მისი თქმით, რუსული ძალები ასევე ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები სამხრეთით - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.  

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს.

ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ.

„რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის.

„თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა.

„იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს“, -განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.    

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას ექნება მეტი დრონები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები.

„ამ წლის პირველმა ორმა კვირამ უკვე შესძინა ძალა და შესაძლებლობა უკრაინას. არის ახალი მხარდაჭერის პაკეტები ჩვენი ჯარისკაცებისთვის. არის ძალიან საჭირო შეთანხმებები იარაღისა და ჭურვების ერთობლივ წარმოებაზე, განსაკუთრებით მგრძნობიარე საკითხია დრონები. იქნება მეტი დრონები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში გამარჯვების პოტენციალი აქვს.

„ვამზადებთ უფრო სასიხარულო ამბებს საჰაერო თავდაცვის შესახებ. გვახსოვს რაკეტების შესახებ, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების შესახებ, რომელიც უფრო მეტი იქნება. ვზრდით ჩვენს უკრაინულ საარტილერიო წარმოებას. უკრაინას აქვს საკმარისი პოტენციალი ამ რთული ომის გზაზე გასავლელად. ჩვენ გვაქვს მსოფლიო გაერთიანების პოტენციალი. გამარჯვების პოტენციალი გვაქვს. მთავარია, საკუთარი თავის გჯეროდეს და უკრაინის გვჯეროდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.     

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი და გენერალ - მაიორი ვახტანგ კაპანაძე  ამბობს, რომ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე სიტუაცია სხვადასხვა მიზეზებით არის განპირობებული. კაპანაძე „რეზონანსთან“  მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ეს არის სამხედრო ბაზირებით მიღებული და პოლიტიკური მოტივით განპირობებული გადაწყვეტილებები. 

„ეს ყველაფერი კი ფრონტის ხაზზე გავლენას ახდენს. სწორედ ასეთი არასწორი გადაწყვეტილება იყო ბახმუტთან დაკავშირებით, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზეც უკრაინამ დრო დაკარგა. ზუსტად ეს ის დროა, რომელიც სუროვიკინმა გამოიყენა იმისთვის, რომ ღრმად ეშელინირებული თავდაცვის ზღუდეები მოეწყო. ამიტომ უკრაინის ჩავარდნილ კონტრშეტევაზე ასე პირდაპირ ვინმე დაადანაშაულო რთულია. 

„ასევე ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებზე გავლენას ახდენს დასავლეთიდან დაგვიანებით მოწოდებული შეიარაღებით დახმარება. სანამ დასავლეთიდან ტანკები მიაწოდეს, ამ ტანკების გასაუნებელყოფად რუსებმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები უკვე განავითარეს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იგივე თვითმფრინავების მიღების დროს, რუსეთს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაც განვითარებული ექნება. 

„ახლა ფრონტის ხაზზე ინიციატივა რუსეთს აქვს. უკრაინამ ახლა ცოტა უნდა ამოისუნთქოს, რადგან ჯარის გადალაგება, გადაჯგუფება შეძლოს. ევროპა ყველაფერსს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინა არ დამარცხდეს, მაგრამ არაფერს იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს. ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს ომის შეწყვეტას. ყარაბაღში აზერბაიჯანელები თავის მომენტს 30 წელი ელოდნენ და ამ მომენტისთვის მუდმივად ემზადებოდნენ “,-ამბობს კაპანაძე. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×