ნაზი ბერიძე
18.01.2024

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერებს მოუწოდა, რომ უკრაინის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შეფერხება საფრთხეს უქმნის ამერიკის, ნატოს და თავისუფალი სამყაროს უსაფრთხოებას. როგორც პოლიტიკის ექსპერტები „რეზონანსთან" აცხადებენ, თუ უკრაინა რუსეთთან ომს წააგებს, ეს იქნება მთელი ცივილიზებული სამყაროს მარცხი და ამასთან ამერიკის რეიტინგის დაქვეითებაც მსოფლიოში, რაც რადიკალურ ჯგუფებს კიდევ უფრო გააქტიურებს.

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის დამატებით 61 მილიარდი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფას ითხოვს. უკრაინის დაფინანსების პროცესს კონგრესში „რესპუბლიკელების" ნაწილი აფერხებს. ისინი პრეზიდენტის მოთხოვნის დამტკიცებას ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო რეფორმის განხორციელებას უკავშირებენ და მის პარამეტრებს „დემოკრატ" კოლეგებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან განიხილავენ.

როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უკრაინამ უნდა შეძლოს თავი დაიცვას აგრესორისგან. „შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა კონგრესის მნიშვნელობას, რომ უკრაინას ჰქონდეს საჭირო რესურსები, მათ შორის საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობები, რათა დაიცვას თავი რუსეთის სასტიკი აგრესიისგან. პრეზიდენტმა განიხილა უმოქმედობის სტრატეგიული შედეგები უკრაინის, შეერთებული შტატებისა და მსოფლიოსთვის. მან ნათლად განაცხადა, რომ კონგრესის მუდმივი წარუმატებლობა საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას, ნატო-ს ალიანსს და დანარჩენ თავისუფალ სამყაროს".

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" ამბობს, რომ თუ ამერიკის მხრიდან უკრაინის დახმარების შეფერეხება გაგრძელდა, სხვა ქვეყნები გააქტიურდებიან უკრაინის მხარდასაჭერად. ცივილიზებული სამყარო არ დაუშვებს მსოფლიოში რუსეთის და არა მარტო რუსეთის სახით ავტორიტარიზმის აღზევებას.

„მე მგონია, რომ მსოფლიო მაინც არ მიატოვებს უკრაინას და ევროკავშირი და ევროპული სახელმწიფოები უკრაინის დახმარებას გააგრძელებენ. ვხედავთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა მიიღო გადაწყვეტილება, 3,5-მილიარდი გირვანქა სტერლინგი მისცეს უკრაინას. შეიძლება ამ ნიშნულმა ოთხ მილიარდსაც მიაღწიოს. სხვა ქვეყნებიც ასვე ე გამოყოფენ დიდ თანხებს, რა თქმა უნდა, უკრაინის დასახმარებლად, არსებობენ იაპონია, კანადა, ავსტრალია და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები.

„ამასთანავე, თუ შეერთებული შტატები უკან დაიხევს ამ საქმეში, სხვა ქვეყნები მეტს გაიღებენ. მსოფლიო ვერ დაუშვებს იმას, რომ უკრაინამ ეს ომი წააგოს. უკრაინის მიერ ამ ომის წაგება ნიშნავს არა მარტო რუსეთის, არამედ ავტორიტარიზმის აღზევებას მსოფლიოში - ირანის გააქტიურებას, ჩინეთის გააქტიურებას, აგრესიის გამძაფრებას საერთაშორისო არენაზე და ბევრ სხვა არასასიამოვნო მოვლენებს. შეიძლება რადიკალური ისლამისტური ჯგუფებიც გააქტიურდნენ. მოკლედ, ყველანაირი ანტიდემოკრატიული ძალა რაღაცნაირად ამას გაიგებს, როგორც სიგნალს, რომ ლიბერალური სამყარო დასუსტდა და ეს გამოიწვევს ძალიან დიდ რყევებს მსოფლიოში. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში შეერთებული შტატების პრესიტიჟი მინიმუმამდე დაეცემა და მას აღარ შერჩება ისეთი გავლენა მსოფლიოში, რაც აქამდე ჰქონდა", - განაცხადა „რეზონანსთან" კახა გოგოლაშვილმა.

პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ზაფხულის წარუმატებელი კონტრშეტევის ფონზე ამერიკის კონგრესში გაჭიანურებული 60-მილიარდიანი პაკეტი საბოლოოდ მაინც დამტკიცდება, რადგან თუ რუსეთი ომს მოიგებს, ის მხოლოდ უკრაინით არ დაკმაყოფილდება და ეს ამერიკისთვის არ არის ხელსაყრელი, რადგან ახალი ომის მასშტაბები შეიქმნება, სადაც ამერიკას მოუწევს ჩართვა.

„გარკვეულწილად ვიცით, რომ გაიწელა პროცედურა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში, იმიტომ, რომ დღის წესრიგში დგას უკრაინისთვის დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის საკითხი. საბოლოო ჯამში, დიდი ალბათობით კონგრესი დაამტკიცებს კონკრეტულ ფინანსური დახმარების პაკეტს.

„დასავლეთს ჰქონდა იმედი, რომ უკრაინა ზაფხულის განმავლობაში წარმატებულ კონტრშეტევას განახორციელებდა, თუმცა კონტრშეტევა დასავლეთისთვის, უკრაინისთვის და ჩვენთვისაც, ასე ვთქვათ, სასურველი მიმართულებით ვერ წარიმართა. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში ბუნებრივია, რომ ამერიკა დაინტერესებულია უკრაინის თავდაცვიუნარიანობის გაძლიერებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ის არ გაჩერდება უკრაინაზე და მერე შეიძლება მოინდომოს ბალტიისპირეთის გადაყლაპვა, და იქ უკვე ამერიკას პირდაპირ მოუწევს ომში ჩართვა," - ამბობს ნიკა ჩიტაძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×