„ამ ეტაპზე ტაქტიკურ უპირატესობას რუსეთი ფლობს და შეეცდება, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დრამატული გახადოს“
ელზა პაპოშვილი
22.01.2024

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის 94 შეტაკება მოხდა. მათივე ცნობით, მტრის შეტევა განსაკუთრებით ინტენსიური სევერსკისა და სლობოჟანსკის მიმართულებითაა, სადაც რუსული ჯარი უკრაინის გამაგრებების დაკავებას უშედეგოდ ცდილობს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ამ დროისათვის საბრძოლო მოქმედებების არეალი ფრონტის ხაზის 1 000-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. გენშტაბის ბოლო ცნობების თანახმად, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა 1 100-ზე მეტი ოკუპანტი მოკლეს და ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგებმა 372 000-ს ჯარისკაცს მიაღწია.     

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალები ახლა აქტიურ თავდაცვაში იმყოფება და ფრონტის აღმოსავლეთის 1000 კმ-იან მონაკვეთზე პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრე სირსკიმ როიტერსთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინელი დამცველები ახორციელებენ მცირე კონტრშეტევებს, აკავებენ მტერს, ეძებენ შესაძლებლობებს დარტყმისთვის, მოწინააღმდეგე კი ინიციატივის დაბრუნებას ცდილობს.

„ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: პოზიციების შენარჩუნება, მტრის გამოფიტვა მაქსიმალური დანაკარგების მიყენებით“, - განმარტა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

მისი თქმით, რუსული ძალები ასევე ცდილობენ, დაიბრუნონ პოზიციები სამხრეთით - ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.   

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ კონგრესს დრო ეწურება იმისთვის, რომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარება დაამტკიცოს.

ABC News-თან ინტერვიუში კულებამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მეტი დაფინანსების გამოყოფა პოტენციურად თავიდან აიცილებს ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირ დაპირისპირებას, რომელშიც ამერიკელ ჯარებს ჩართვა მოუწევთ.

„რაც არ უნდა იყოს ახლა უკრაინის მხარდაჭერის ფასი, მსოფლიოში არეულობის გამოსწორების ფასი, თუ უკრაინა წააგებს, გაცილებით მაღალი იქნება“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში გამარჯვება სხვა მოწინააღმდეგეებს სახიფათო სიგნალს გაუგზავნის.

„თუ დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის შეჩერება უკრაინაში, სხვას ვის შეუძლია, შეაჩეროს იგი მსოფლიოს სხვა ნაწილებში?“ - განაცხადა კულებამ და დასძინა, რომ უკრაინა რუსეთის წინაშე დათმობაზე არასდროს წავა.

„იარაღი რომც დაგვიმთავრდეს, ნიჩბებით ვიბრძოლებთ, რადგან უკრაინისთვის სასწორზე ამ ერის არსებობა დევს“, -განაცხადა უკრაინის საგარეო მინისტრმა.  

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, ევროპამ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს და ქვეყანას მეტი დაფინანსება უნდა გამოუყოს, რათა მან რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს.

„ახლა არა მხოლოდ შეერთებული შტატები, არამედ ევროპამაც უნდა გააქტიურდეს და თავისი წვლილი შეიტანოს, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინამ საკუთარი თავის დაცვის გაგრძელება შეძლოს“, -აღნიშნა გრანტ შაპსმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ლიდერობას იჩენს 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ღირებულების დახმარების პაკეტით და შეთანხმებით, პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინასთან უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის შეთანხმებებით.   

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინის ფრონტზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, რადგან, თუკი უკრაინა ამერიკისგან დროულ დახმარებას არ მიიღებს, მოვლენები შესაძლოა დრამატულად განვითარდეს. მისი თქმით, უკრაინის ჯარს სჭირდება შეიარაღება, რადგან ომია და ომში ნებისმიერი სახის დახმარების შეფერხება შესაძლოა უმძიმესი ფასი დაჯდეს.   

„ამ ეტაპზე ტაქტიკურ უპირატესობას რუსეთი ფლობს და დიდი ალბათობით ის შეეცდება, რომ სიტუაცია კიდევ უფრო დრამატული გახადოს, თუკი ამერიკიდან წამოსული დახმარება კიდევ უფრო დაიგვიანებს. აქ საუბარია საჰაერო თავდაცვით სისტემებზე, რადგან, რუსეთი, ვხედავთ ყოველდღიურად რა სახის დამბობმვას და შეტევას ახდენს უკრაინაზე. ასევე, საჭიროა ვაზნები, სხვადასხვა ტექნიკისთვის საჭირო მასალები, რომელიც ომის დროს ზიანდება და შეკეთება უნდა. ასევე, ჯარის საკვებით, ტანსაცმლით, საწვავით მომარაგებაზეა საუბარი.   

„ეს ყველაფერი თუკი უკრაინას არ ექნება, რა თქმა უნდა, უპირატესობა რუსეთის ხელში გადავა. მან მიიღი ჩრდილო კორეიდან დახმარება, რომელიც მართალია დასავლური შეიარაღების საპირწონე არ არის, მაგრამ ბევარდ იაფია და რუსეთს ეს ძალიან დიდი რაოდენობით აქვს მიღებული. 

„ამიტომ არის, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქებზე და სოფლებზე ერთდროულად ხდება შეტევა.ეს კი რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დისკომფორტის მატარებელია. რუსეთი ცდილობს უკრაინის მოსახლეობის ომით გამოფიტვას, გადაღლას და შიდა დაპირისპირების გარღვევას. კი ბატონო, ის ელოდება დასავლეთი რას იზამს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მას მაინც არა აქვს იმის რესურსი, რომ ახლა დიდი  კონტრშეტევა წამოიწყოს. მითუმეტეს ზამთარი არ იქნება ის დრო, როცა მათ შეიძლება კონტრშეტევა დაიწყონ. თუმცა პატარ - პატარა შეტევები სამხრეთის მიმართუებაზე იქნება და ეს დაწოლა სულ გაძლიერდება“,-ამბობს ბერიძე. 

მისივე თქმით, უკრაინის ფორნტზე გარდატეხვა არც 2024 წელს მოხდება და შესაძლოა ეს კონფლიქტი ყარაბახის ომივით გაიყინოს. მისი აზრით, ამ ეტაპზე არ ჩანს არანაირი იმის წინა პირობა, რომ მოლაპარაკება რომელიმე მხრეს სურდეს, ან რომელიმე მათგანი თუნდაც უკეთეს პოზიციაში იყოს და ამას დათანხმდეს. ამიტომ პოლკოვნიკი ელის, რომ ეს ომი ამ წელსაც ვერანაირ გარდამტეხ ნიშნებს ვერ შეიძენს.      

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×