თამთა ჩაჩანიძე
21.02.2024

ავდეევკის აღების მერე, რუსეთი დროის მოგებას და სხვადასხვა მიმართულებით შეტევას ცდილობს, ოკუპანტებმა განსაკუთრებით გაზარდეს აქტივობა ზაპოროჟიეს მხარეს, აქტიური ბრძოლები რაბოტინოსთან მიდის. ასევე რთულია სიტუაცია ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, სადაც უკრაინელები კონტრშეტევის დროს პლაცდარმის შექმნას ცდილობდნენ - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კრინკის დასახლების „გაწმენდის" შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რასაც უკრაინა უარყოფს.

რაც შეეხება ავდეევკის მიმდებარე ტერიტორიას, სამხედრო ანალიტიკოსების თქმით, ქალაქის აღების შემდეგ რუსები შეტევის გაგრძელებას შეეცადნენ, თუმცა უკრაინელებმა ამ მიმართულებით ფორსირებული თავდაცვის ზღუდე შექმნეს და ასე თუ ისე, რუსების შეტევა ამ მიმართულებაზე შენელდა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ავდეევკაში პოზიციების დატოვება უკრაინის ჯარებს კონგრესის უმოქმედობამ აიძულა და ეს გადაწყვეტილება არ არის განპირობებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობის, სამხედრო ბრძანების ან საბრძოლო უნარების ნაკლებობით. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუ უკრაინა აქტიურ თავდაცვაში იქნება, რუსეთის ამ ზეწოლას გაუძლებს იქამდე, სანამ კონგრესი დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდება.

„ტელეგრამზე" სამხედრო მიმომხილველები წერენ, რომ რუსეთს ამჟამად მინიმუმ ხუთი მიმართულებით აქვს შეტევის გაგრძელების საშუალება. ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთს ახლა იმის რესურსი არ აქვს, რომ ამ რაოდენობის შეტევა ერთდროულად აწარმოოს, მაქსიმუმ ორია მოსალოდნელი.

ყველაზე რთული და ცხელი წერტილები

უკრაინული არმიის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" უარყოფს რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს მიერ სამშაბათს გაკეთებულ განცხადებას ხერსონის ოლქში მარცხენა სანაპიროზე კრინკის დასახლების „გაწმენდის" შესახებ.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, ვერ მიაღწიეს რა წარმატებას ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე თავდასხმის ოპერაციებში, მიმართეს მანიპულაციას და ფაქტების გაყალბებას. აგრესორი ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ გამოაცხადა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე პლაცდარმის გაწმენდის შესახებ. ოფიციალურად გაცნობებთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ.

„ოკუპანტებმა დღის განმავლობაში თავდასხმის ერთი მცდელობა განახორციელეს და მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო უკან დაიხიეს", - აცხადებენ ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთში".

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი კი წერს, რომ უკრაინისთვის დასავლეთის სამხედრო დახმარების შეფერხებამ ხელი შეუწყო ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე რუსეთის შეტევის დაწყებას. ცენტრის ანალიტიკოსების თანახმად, „ამჟამად რუსეთის სამხედრო ძალები სულ მცირე სამ შეტევით ოპერაციას ატარებენ - ხარკოვის და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ კუპიანსკის და ლიმანის მიმართულებებით, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებული პუნქტის, რაბოტინოს რაიონში და დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის გარშემო".

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსები იმ ე.წ. ჯიბეების შევსებას შეეცდება, რაც უკრაინელებმა შეტევის დროს დაიბრუნეს.

„რუსეთი იმ ჯიბეებიის გასწორებას შეეცდება, რომელიც მის თავდაცვაში უკრაინამ კონტრშეტევის დროს შექმნა. ალბათ უპირველესად ეს ზაპოროჟიეს ოლქში რაბოტინოსა და ლუგანსკში კრემენნაია-ლისიჩანსკის მიმართულება იქნება.

„კონტრშეტევის დროს უკრაინელები რაბოტინოსთან რუსების თავდაცვის სიღრმეში შევიდნენ და ამის უკან დაბრულებას შეეცდებიან, ასევე ხარკოვის რაიონში ლიმანის მიმართულებაზე.

„კრინკზე მონაცემები არ მაქვს. ეს იყო პლაცდარმი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ უკრაინელები კონტრშეტევის დროს. მე რომ მკითხო, ვინაიდან უკრაინა თავდაცვაზე გადადის, ახლა პლაცდარმის შენარჩუნება აზრს მოკლებული იყო. როცა მდინარის ფორსირება არ იგეგმება, მაშინ ეს პლაცდარმი უკრაინელებისთვის სასაკლაო იქნებოდა. რამდენად დაეცა - ეს არ ვიცი, მაგრამ, ლოგიკურად, უკრაინას იქიდან ჯარები უნდა გაეყვანა.

„ავდეევკის დასავლეთით უკრაინელებმა ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად შეძლეს ფორსირებული თავდაცვითი ზღუდე გაეკეთებინათ. რუსეი ავდეევკას აღების შემდეგ ბრძოლას არ შეწყვეტდნენ, ადგილზე არ გაჩერდებოდნენ და ეცდებოდნენ, რომ წარმატება განევითარებინათ. არაა გამორიცხული, რომ შეტევის გაგრძელება მოინდომეს, ამ თავდაცვით ზღუდეს წააწყდნენ და ბრძოლა მიდის, მაგრამ რამდენად შეძლებენ წარმატებას, ეს სხვა თემაა", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ რუსეთი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აქტიურ შეტევას ვერ შეძლებს.

„ზაპოროჟიესთან კონცენტრაცია რომაა, ფაქტია. არ მგონია რუსეთმა ერთდროულად ბევრი მიმართულებით შეუტიოს, თუმცა ბრძოლას ყველა მიმართულებით გააგრძელებს და ძირითად ძალისხმევას ერთ რომელიმე კონკრეტულ მიმართულებაზე გადაიტანს. ეს ალბათ ზაპოროჟიეში იქნება რაბოტინოსთან.

„რუსებისთვის სამხრეთი მტკივნეული წერტილია და ასევე უნდა ველოდოთ, რომ დნეპრის მეორე სანაპიროდან უკრაინელების პლაცდარმი შეავიწროვონ. დანარჩენ ადგილებზე, სადაც ბრძოლებია, ისევ გაგრძელდება. უკრაინელებმა ავდეევკასთან სერიოზული თავდაცვის ხაზი შექმნეს, ამიტომ იქ რუსებს რაიმე წარმატების მიღწევა გაუჭირდებათ.

„როგორც ვიცი, კრინკი არ დაცემულა, რუსებისთვის ესეც სერიოზული თავის ტკივილი იქნება და ისინი აქაც შეეცდებიან შეტევას", - განაცხადა ბერიძემ „რეზონანსთან".

გაუძლებს თუ არა უკრაინა ზეწოლას

„ეს მოხდა კონგრესის უმოქმედობის გამო. ჩვენ გავაფრთხილეთ კონგრესი, რომ თუ ის არ იმოქმედებდა, უკრაინა ბრძოლის ველზე დაზარალდებოდა და ასეც მოხდა", - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენლებმა ჯონ კირბიმ ავდეევკის დაცემაზე საუბრისას.

ამასთან, კირბის თქმით, უკრაინის გადაწყვეტილება ავდეევკიდან ჯარების გაყვანის თაობაზე „გონივრულია", რადგან, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან ომში ღირებულია უკრაინამ შეინარჩუნოს ადამიანური რესურსები. როგორც კირბიმ აღნიშნა, უკრაინულმა მხარემ შეძლო რუსეთის თავდასხმების შეკავება რამდენიმე თვის განმავლობაში, ვიდრე არ ამოიწურა საბრძოლო მასალა.

„განსაკუთრებით საარტილერიო ტიპის საბრძოლო მასალაა საჭირო, რათა რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიონ უკრაინის თავდაცვით ხაზებს და ვერ დაიპყრონ ეს პოზიციები", - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ თავდაცვაში მყოფი უკრაინა რუსეთის ზეწოლას, სავარაუდოდ, გაუძლებს.

„ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რომ თავდაცვაში მყოფი უკრაინა ამას გაუძლებს. ახლა საუბარია მცირე ე.წ. ჯიბეებზე, რომელიც ტაქტიკური თვალსაზრისითაა საინტერესო და არა ოპერატიულ-სტრატეგიულით, უკრაინას ამის საშუალება აქვს, რომ რუსებს გაუძლოს.

„რუსებმა 30-ათასიანი მოსახლეობის მქონე დასახლებული პუნქტის აღებას 7 თვე მოანდომეს და თუ წინ წაწევას ამ ტემპებით აპირებენ, ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ. რუსება მომენტი გამოიყენეს, ომში ამას ყველა გამოიყენებდა. ე.წ. ჭურვების შიმშილის პერიოდში, რაც უკრაინას გაუჩნდა, რუსებმა მაქსიმალური საცეცხლე უპირატესობის მოპოვება შეძლეს და ეს ავდეევკაზე აისახა. თუმცა საკითხავია, რუსეთი რამდენად შეძლებს, რომ თავისი წარმატება განავითაროს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ უკრაინა ზეწოლას გაუძლებს, თუმცა დასავლური დახმარების გარეშე, განსაკუთრებით კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის თვალსაზრისით, სამოქალაქო მსხვერპლი გაიზრდება.

„ამ ყველაფერს თავდაცვაში მყოფი უკრაინა უფრო გაუძლებს, თუმცა დასავლური დახმარება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის დასაცავად. დასავლური დახმარების გარეშე სამოქალაქო მსხვერპლი ძალიან გაიზრდება და ამის რისკი არსებობს.

„ძალიან მიჭირს იმის თქმა, თუ რა ხდება აშშ-ის რესპუბლიკურ პარტიაში. რამდენიმე ინდიკატორი იყო, რომ ნაბიჯები უნდა გადაედგათ და ახლაც თუ არ დაამტკიცებს კონგრესი დახმარების პაკეტს, ალბათ უკრაინაც ხელს ჩაიქნევს და ალტერნატიული გზის მოძიებას დაიწყებს. მაგრამ ალტერნატიული გზებიც რეალურად ბევრი არაა. საჰაერო თავდაცვის სფეროში ამერიკულ სისტემებს ვერავინ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, აშშ-ის დახმარების დამტკიცება საბოლოოდ მაინც მოხდება", - განაცხადა ლაშა ბერიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×