ნატალია ჯვარიძე
15.03.2024

„არჩევნები, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს, არის ფორმალობა. 94 000 საარჩევნო უბანზე დანიშნულია მილიონამდე ასეთივე კორუმპირებული, კარგად გაფრთხილებული და დატრენინგებული პუტინის მომხრე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თუნდაც არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, აიღებენ ხმებს და მაინც ჩაყრიან საარჩევნო ყუთში. „გამარჯვების" შემდგომ, პუტინმა შესაძლოა შემდეგ უფრო გააქტიუროს უკრაინაში საომარი მოქმედებები," - აცხადებს ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „რეზონანსთან" რუსეთში არჩევნების სავარაუდო შედეგებზე საუბრისასა. მისი თქმით, კრემლი ყველანაირად ეცდება ყველანაირი პროტესტის ჩახშობას.

რუსეთში მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც ფედერაციის საბჭომ 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ხმის მიცემა სამ დღეს გაგრძელდება: 15, 16, 17 მარტს. არჩევნებში რეგისტრირებული ოთხი კანდიდატი მონაწილეობს: მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც რუსეთის ფედერაციას 24 წელია მართავს, პრეზიდენტის პოსტზე დარჩენას მეხუთე ვადით, კიდევ 6 წლით აპირებს. ლეონიდ სლუცკი, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია, ვლადისლავ დავანკოვი „ახალი ხალხი", ნიკოლაი ხარიტონოვი - კომუნისტური პარტია. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არც ერთი რეალური ოპოზიციური და ომის მოწინააღმდეგე კანდიდატი არ დაარეგისტრირა.

ცესკოს ინფორმაციით, ხმის მიცემისთვის 94 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი შეიქმნა და დაახლოებით 113.5 მილიონი ბიულეტინი დამზადდა. 25 თებერვლიდან რთულად მისადგომ ადგილებში ვადამდელი კენჭისყრა იმართებოდა. არჩევნები მიმდინარეობს ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. კიევმა მოუწოდა უკრაინელებს, რომლებიც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, ან იძულებულები არიან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, არ მიიღონ მონაწილეობა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის „ ფსევდოარჩევნებში".

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ელა პამფილოვის განცხადებით, ვადამდელი ხმის მიცემის შესაძლებლობით თითქმის 2.6 მილიონმა ამომრჩეველმა ისარგებლა. ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, დისტანციურად ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურით, ამ დრომდე საკუთარი არჩევანი მილიონზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა.

„ეს არ არის არჩევნები, ეს ფორმალური დასწრებაა. არც ერთი ოპოზიციური პარტია, რომ არ მონაწილეობს არჩევნებში, ეს უკვე ნიშნავს პუტინის გამარჯვებას, თან ვადა გაიხანგრძლივა და 6 წლით იქნება. აქედან გამომდინარე, რაიმე დადებით ცვლილებას არ უნდა ველოდოთ," - ამბობს კახა გოგოლაშვილი.

„არჩევნებზე არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არ იქნება, ოპოზიცია პრაქტიკულად არ წავა. ამიტომ კონტროლის არანაირი მექანიზმი არ არსებობს - რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. კორუმპირებული და პოლიტიკურად სრულიად გახრწნილი ქვეყანაა. დაახლოებით 94 000 საარჩევნო უბანზე დანიშნულია დაახლოებით 1 მილიონამდე ასეთივე კორუმპირებული, კარგად გაფრთხილებული და დატრენინგებული პუტინის მომხრე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ თუნდაც არ მივიდეს ხალხი არჩევნებზე, აიღებენ ხმებს და მაინც ჩაყრიან საარჩევნო ყუთში.

„არჩევნების ელექტრონული სისტემა, რომელიც რუსეთში ნაწილობრივ ამოქმედებულია, ისიც კი გაყალბებული აქვთ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს მის ლეგიტიმურობას და რა თქმა უნდა, არც თვითონ რუსეთში ოპოციზიურად განწყობილი ადამიანები. მაგრამ აქ უკვე ლეგიტიმაციაზე აღარ არის ლაპარაკი, აქ ძალა არის, რომელიც მის ხელშია კონცენტრირებული. ხალხი კი აღარ არის მისი ძალაუფლების წყარო, არამედ იარაღი და ჩაგვრის მექანიზმები, რომელიც მას გააჩნია," - განაცხადა გოგოლაშვილმა

მოსკოვის პროკურატურამ საარჩევნო უბნებთან დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით გაფრთხილება გამოსცა. მათი თქმით, უკანონო ქმედებებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას და საარჩევნო კომისიის მუშაობის თავისუფლად განხორციელებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, ითვალისწინებს სასჯელის სახით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. უწყებაში განაცხადეს, რომ ამის შესახებ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ 17 მარტს, 12 საათზე საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის მიზნით მასობრივ საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღონ.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არც მითითებული საჯარო მასობრივი ღონისძიებები და არც ის ადგილები, სადაც ისინი ტარდება, არ არის დამტკიცებული ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კანონით დადგენილი წესით. შესაბამისად, ამ მასობრივ ღონისძიებებში მონაწილეობა ისჯება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, 17 მარტს, მოსკოვის დროით 12 საათზე საარჩევნო უბნებზე საპროტესტო აქცია იგეგმება სახელწოდებით „შუდღე პუტინის წინააღმდეგ", რომლის ინიციატორი სანტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის ყოფილი დეპუტატი, მაქსიმ რეზნიკია. სიკვდილამდე, ცოტა ხნით ადრე აქციის მიმართ მხარდაჭერა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ალექსეი ნავალნიმ გამოხატა. ნავალნის გარდაცვალების შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა საზოგადოებას პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილების ასრულებისკენ მოუწოდეს და ვლადიმერ პუტინის ყველა ოპონენტს შესთავაზეს, 17 მარტს, 12:00 საათზე, საარჩევნო უბნებზე ერთდროულად მივიდნენ.

გოგოლაშვილის განცხადებით, აქცია ვერ იქნება მასშტაბური, რადგან ხალხი ვერ გაბედავს ქუჩაში გამოსვლას. პუტინი ვადის განმტკიცების შემდგომ კიდევ უფრო გაამკაცრებს პოლიტიკას, მოსახლეობაზე ზემოქმედებას გააგრძელებს და დიდი ალბათობით ის გაცილებით აქტიურად გააგრძელებს უკრაინაში საომარ მოქმედებებს.

„მგონია, რომ დიდი რაოდენობით ხალხი ვერ გაბედავს ქუჩაში გამოსვლას და პუტინის წინააღმდეგ აქციას, რადგან ნავალნის სიკვდილის შემდეგ ოპოზიცია კიდევ უფრო დემორალიზებულია. დანარჩენი ლიდერები, რომლებიც რეჟიმს წინააღმდეგობას გაუწევს - ზოგი ციხეშია და ზოგიც გაქცეულია ქვეყნიდან. შესაბამისად, რაიმე მასშტაბური გამოსვლები არ არის მოსალოდნელი, ვინაიდან ყველას ეშინია. კი, შეიძლება ვიღაცეებმა გაბედონ და გამოვიდნენ, თუმცა ხელისუფლება ძალის გამოყენებით ჩაახშობს. ძალოვანი ორგანოების ხელშია მთლიანი კონტროლი მოსახლეობაზე. „გამარჯვების" შემდგომ ის კიდევ უფრო გაამკაცრებს პოლიტიკას და კიდევ უფრო დააჭერს ფეხს მოსახლეობას. დიდი ალბათობით ის გაცილებით აქტიურად გააგრძელებს უკრაინაში საომარ მოქმედებებს". - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×