თამთა ჩაჩანიძე
15.03.2024

  რუსეთის მისამართით საფრანგეთის პრეზიდენტის პოზიციები თანდათან უფრო ხისტი ხდება - ემანუელ მაკრონმა ვრცელ ინტერვიუში გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ არ გამოავლინონ სისუსტე მოსკოვის მიმართ. ის კვლავ იმ აზრზეა, რომ საფრანგეთი არასოდეს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა უკრაინაში დასავლათის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა არ უნდა გამოირიცხოს. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა ფორმით შეიძლება მოხდეს უკრაინაში ჯარის განლაგება, თუმცა დაამატა, რომ დღეს ამის საჭიროება არაა.

ამასთან, მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან ბირთვულ მუქარას არ უნდა უფრთხოდნენ, რადგან საფრანგეთს „რეალურად აქვს ბირთვული იარაღი".

ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონის სიხისტე იმ იმედგაცრუელბის შედეგია, რაც საფრანგეთს რუსეთთან მიმართებაში დღეს აქვს, რადგან მაკრონი ის ლიდერი იყო, რომელიც მაქიმალურად ცდილობდა რუსეთისათვის სახე შეენარჩუნებინა.

„უპირველეს ყოვლისა, მე მგონი, ეს იმ იმედგაცრუების შედეგია, რომელიც საფრანგეთს აქვს რუსეთთან მიმართებაში, რადგან სწორედ ემანუელ მაკრონი იყო ის ლიდერი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა, ვითარების დარეგულირების დიპლომატიური გზები მოენახა, რუსეთისთვის სახის შენარჩუნებაზე მაქსიმალურად ზრუნავდა.

„სამწუხაროდ მოხდა ის, რაც ხდება-ხოლმე, რომ რუსეთი მსგავს მცდელობებს არააადეკვატურად აღიქვამს. ის ყოველთვის ამას იღებს, როგორც სისუსტის ნიშანს და უფრო აგრესიული და თავხედური ქმედებებით პასუხობს. ამან კი ის რეაქცია გამოიწვია, რაც პრეზიდენტ მაკრონს აქვს, ის ახლა პირიქით ცდილობს, რუსეთის ხელისუფლებას დაანახოს, რომ მათ ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვეს და ამ შეცდომისთვის ძვირ ფასს გადაიხდიან. დღეს უკვე ის ილუზიები აღარ აქვს, რაც ჰქონდა და იმ მკაცრ ნაბიჯებზე საუბრობს (რადგან სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს), რომელიც რუსეთთან მიმართებაში უნდა გადაიდგას, რაშიც ძნელია არ დაეთანხმო, რადგან თავის დროზე პოზიციები და ნაბიჯები მკაცრი რომ ყოფილიყო, რუსეთი ამდენს ნამდვილად ვერ გაბედავდა", - განაცხადა ფხალაძემ.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ დასავლეთის სხვა ქვეყნებმა მაკრონის მკაცრი პოზიცია გაიზიარონ, ფხალაძემ გვითხრა:

„მე მგონი, ასეთი შესაძლებლობა არსებობს. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ყველა ქვეყანა ერთნაირად ფიქრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონის მოსაზრებებს მხარდამჭერები ჰყავს და არ გამოვრიცხავ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან ამის საფუძველს თავად რუსეთი იძლევა. ეს გამოიხატება უკრაინის დახმარების გაძლიერებაში, სანქციებში და იმაში, რაზედაც პრეზიდენტი მაკრონი საუბრობდა, რადგან მართლაც არაა გამორიცხული, რომ გარკვეული დავალებების შესასრულებლად იქ (უკრაინაში) ჩვენ სხვა ქვეყნების კონტინგენტები ვიხილოთ, ეს მაინცდამაინც შეტევის წინა ხაზზე ყოფნას არ ნიშნავს, მაგრამ მაგალითად რაღაც სტრატეგიული ინფრასტრუქტურის დაცვის მოტივით, ან რომელიღაც ერთი მნიშვნელოვანი ობიექტის დასაცავად შესაძლოა ასეთი ნაბიჯები ვიხილოთ. რუსეთის რექაცის ყოველთვის იმ სისუსტეზეა დამოკიდებული, რომელსაც ის დასავლეთში ხედავს-ხოლმე, თუ ერთიანობას ხედავს, ასეთ შემთხვევში ის უკან იხევს", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ „რეზონანსთან".

„თუ ევროპას მშვიდობა სურს, ემზადოს ომისთვის", - თქვა პრეზიდენტმა მაკრონმა ფრანგულ მედიასთან. მისი თქმით, „თუ რუსეთი მოიგებს ამ ომს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს". ვრცელ ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის მხარდაჭერის მხრივ წითელი ხაზების გავლება რუსეთისთვის სისუსტის ჩვენება იქნება. მისივე თქმით, ომში საფრანგეთის მხრიდან სამხედრო ჩარევის საჭიროება ამჟამად არ არსებობს, თუმცა მდგომარეობა მრავალმხრივ შეიძლება შეიცვალოს.

მაკრონმა დასძინა, რომ რთულ მდგომარეონბაში მყოფი უკრაინისთვის მოკავშირეებისგან უფრო ძლიერი მხარდაჭერაა საჭირო. ხაზი გაუსვა, რომ ვინც მხარს უჭერს უკრაინის დახმარების „ლიმიტებს", „ირჩევს დამარცხებას".

„დღეს რომ უკრაინაში მშვიდობა იყოს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები. ჩვენი მიზანია, რუსეთმა არ გაიმარჯვოს. თუ სიტუაცია გაუარესდება, უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი ვერასოდეს მოიგებს ამ ომს. იმისთვის, რომ უკრაინაში მშვიდობა გვქონდეს, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები და ამიტომ უნდა შევხედოთ სიტუაციას რეალისტურად, მტკიცედ. გაბედულად ვთქვათ, რომ მზად ვართ, მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომელიც არის ის, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს.

„როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, ლატვიელებს, რუმინელებს და ბულგარელებს შეუძლიათ თუნდაც ერთი წამით მშვიდად ყოფნა? არ ვსაუბრობ მოლდოვაზე, რომელიც, მართალია, დღეს ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება იყოს საფრთხის ქვეშ. დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეა. კრემლის რეჟიმი არის მოწინააღმდეგე. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს რუსეთისა და რუსი ხალხის წინააღმდეგ და მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაამარცხოს რუსეთი, რადგან მე ვიტყვი ძალიან მარტივად: არ შეიძლება, იყოს ხანგრძლივი მშვიდობა, თუ არ იქნება სუვერენიტეტი, თუ არ დაბრუნდება უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები, მათ შორის, ყირიმი", - აღნიშნა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ტელეკომპანია TF1-თან და France 2-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ პუტინის ბირთვული მუქარა შეუსაბამოა, როცა „შენ გაქვს ბირთვული იარაღი".

„ჩვენ, პირველ რიგში, დაცულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რადგან ჩვენ ვართ ბირთვული ძალა. ჩვენ მზად ვართ, გვაქვს დოქტრინა", - განაცხადა მაკრონმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×