თამთა ჩაჩანიძე
19.04.2024

პარასკევს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში ოდესის და და დნეპროპეტროვსკის ოლქებზე მიიტანეს, შედეგად დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, ვრცელდება დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ოკუპანტები შექმნილი ვითარებით სარგებლობენ, კრიტიკულ ინფრასტრუქტურას განგებ უტევენ. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწიდა დასავლეთს, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისმტემები კრიტიკულად სჭირდება.

19 აპრილის შუადღით უკრაინის ტერიტორიაზე განგაშის ხმა ისმოდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა. „სამხრეთის" თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული ყირიმის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხის შესახებ განაცხადეს.

ამის შემდეგ ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა თქვა, რომ ოდესის რეგიონი კვლავ მტრის თავდასხმის ქვეშ მოექცა. რუსულმა ძალებმა რეგიონს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს. დაზიანებულია პორტის ინფრასტრუქტურა.

„ჩვენ ახლა ერთი დაშავებულის შესახებ გვაქვს ინფორმაცია, მამაკაცი ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, სასწრაფოდ მოახდინოთ რეაგირება საჰაერო თავდასხმის სიგნალებზე და წახვიდეთ თავშესაფრებში", - განაცხადა ოლეგ კიპერმა.

ამავე ღამეს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებში, დნეპრსა და სინელნიკოვოში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, რუსებმა საცხოვრებელ კორპუსს დაარტყეს. ხუთსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა და ხანძარი გაჩნდა.

გავრცელებული ცნობებით, 2 ადამიანი დნეპრში დაიღუპა, 7 კი, მათ შორის 3 ბავშვი - სინელნიკოვოში. დაშავებულია 29 ადამიანი.

„საავადმყოფოში ბავშვი გარდაიცვალა, რომელიც მძიმედ დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში მტრის მიერ განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს, დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია", - ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

18 აპრილს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს სპეციალური სამიტის შემდეგ განაცხადა, რომ „ნატო-ს ქვეყნებში არის ექვსი დამატებითი პატრიოტ-ის სისტემა, რომელთა მიწოდებაც უკრაინისთვის შეიძლება".

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომს გმობენ და კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის მიმართ მათი მხარდაჭერა ურყევია.

„ჩვენ, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, გაერთიანებული სამეფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, მკაცრად ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიულ ომს. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიულ უკრაინას", - აღნიშნულია „დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, გააძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას, რათა ამ გზით, გადაარჩინონ ადამიანების სიცოცხლე და დაიცვან კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

„გამოვხატავთ ჩვენს გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით გავაძლიეროთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები სიცოცხლის გადასარჩენად და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. ჩვენ, ამ მიზნით, ასევე ვიმუშავებთ პარტნიორებთან", - აღნიშნულია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოსაყენებლად.

„გავაგრძელებთ ყველა შესაძლო გზის შესწავლას, რათა დავეხმაროთ უკრაინას რუსეთისგან კომპენსაციის მიღებაში, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ლიდერების მოთხოვნის შესაბამისად, გავაგრძელებთ მუშაობას და რჩევის მიცემას აპულიის სამიტის წინ ყველა შესაძლო გზის და შესაძლო ვარიანტების შესახებ, რომლითაც შესაძლებელი იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება, ჩვენი შესაბამისი სამართლებრივი სისტემებისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ოთხშაბათს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა ცალკეული კანონპროექტები წარადგინა, რათა ამერიკელ მოკავშირეებს დაეხმაროს, მათ შორის უკრაინას, ხმის მიცემა კი შაბათს გაიმართება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×