
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს ეხმიანება და აცხადებს, რომ ღარიბაშვილის პირადი პოლიტიკური და პიროვნული ტრაგედიაა, რაც მის თავს
ხდება.
სამხარაძე მიმართავს “ქართული ოცნების” დიდ ოჯახს, რომ ყოფილი პრემიერის საქციელი მორიგი გაკვეთილი უნდა იყოს მათთვის - “ თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.”
“მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან "ქართული ოცნების" და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო - მე, როგორც პარტიის რეგიონალურ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.
მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ - ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის - "ასავალ - დასავალის" დონეზე დაეშვა.
ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც
მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს - ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.
დაბოლოს, "ქართული ოცნების" ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ - სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი
მონაპოვარის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, "ქართული ოცნების" ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს” - წერს სამხარაძე.