
შეიძლება, ყველაფერი დააბრალო ბარამიძეს და მე არ გამოვდგები მის დამცველად, რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ის ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პოსტივის“ ეთერში განაცხადა. როგორც ხვიჩიამ განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის დაკავება მის გადაცემაში გაკეთებული განცხადების გამო, რომელიც შესაძლოა, არის „32 წლის წინ მომხდარის პირადი აღქმა“, ნიშნავს იმას, რომ სხვა არანაირი რეალური ბრალდება ბარამიძის წინააღმდეგ არ ჰქონდა პროკურატურას.
„გაბრაზებული ვარ. ეს ნიშნავს, რომ სხვა არანაირი რეალური ბრალდება არ გქონდათ ბარამიძის მიმართ. თქვენ ხომ მოხვედით სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და სამართლიანობის აღდგენა კი არა, საერთოდ ყველა უხერხულობაში ჩააგდეთ უსამართლობით. ვეტერანებს სარჩელი დააწერინეთ საკუთარ კოლეგაზე. დარწმუნებული ვარ, იმ ადამიანებიდან ბარამიძის დაჭერა არავის არ უნდოდა. გავიგე, გაბრაზებული იყვნენ და თვითონ მოსთხოვდნენ პასუხს, მაგრამ თქვენ პასუხის მოთხოვნა არ აცადეთ. თუნდაც ეცემათ, თავად მოსთხოვდნენ პასუხს, ციხეში რას გააქანეთ კაცი?!
მოვითხოვ, რომ ხელი არ შემეშალოს საკუთარი გადაცემის გაკეთებაში. ბარამიძის მიერ სამშობლოს ღალატი ჩემს გადაცემაში - უბრალოდ, არაფერში არ წერია. ეს არის ქართული მართლმსაჯულების სირცხვილი, დაწყებული იურიდიული ფაკულტეტის დეკანატიდან, ვინც აღზარდა ის ადამიანი, რომ ეს დანაშაულია. მთელი ცხოვრება გაიძახოდით, სისხლიანი ნაცებიო და ბოლოს გამოვიდა, 32 წლის წინანდელი ამბავი რომ მოყვა კაცმა, მაგის გამო დაიჭირეთ. მე, როგორც საპროკურორო საბჭოს წევრსაც, მაინტერესებს, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს, რომ ასეთი რაღაცის მოყოლის გამო კაცი გაასამართლო სამშობლოს ღალატზე, არა იმაზე, რა ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, არამედ იმაზე, რომ კაცმა რაღაც 32 წლის მერე მოყვა და საბოტაჟზე ასამართლებთ. ეს იქნება ენციკლოპედიური მასშტაბის აბსურდი იურიდიული ფაკულტეტის სილაბუსში შესატანი. მე არ მაქვს სტრასბურგის იმედი, მე მასე არ ვმოძრაობ. არ მჯერა, რომ ქვეყნის გარეთ შეიძლება, ეფექტური სასამართლოს მოწყობა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
მისივე თქმით, მიაჩნია, რომ ბარამიძემ აბსურდი თქვა.
„არ მინდა, ისე ჩათვალოს საზოგადოებამ, რომ მე ბარამიძის სიტყვებს ვეთანხმებოდი. მე გადაცემა გავაკეთე მეორე დღეს, სადაც დეტალურად არის ახსნილი, თუ რა თქვა არასწორად ბარამიძემ, არც დავთანხმებივარ. ვინმემ რომ მკითხოს, მიმაჩნია, რომ აბსურდი თქვა“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, საქმის პროკურორი საჯაროდ უნდა გამოვიდეს და ახსნას, კონკრეტულად რას ედავებიან ბარამიძეს.
„მინდა, ამ საქმის პროკურორი საჯაროდ გამოვიდეს დისკუსიაში, რას ედავება, რომელი მუხლით. მინდა, რომ ვინაიდან საჯარო იყო ამ საქმეში ყველაფერი, ეს ამბავი გაირჩეს საჯაროდ. მე არაფერ შუაში არ ვიყავი, მაგრამ სრულიად არაშემთხვევით გამშარეთ. მე არასდროს არ მიზიდავდა ქოც-ნაცურ ჩხუბში გარევა. ვერცერთი პროკურორი დედამიწის ზურგზე ვერ ამიხსნის, რომ რაც ბარამიძემ თქვა, იმას რაიმე კავშირი აქვს სამშობლოს ღალატთან. ეს არის სისულელე. მინდა, რომ სასამართლომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მისაღებია. ეს არის 32 წლის მერე მონაყოლი, რომელიც არის ერთი ადამიანის შეფასება, აღქმა. ადამიანს შეიძლება, რაღაც მოეჩვენა და 32 წლის წინ რომ რაღაც ეგონა, რა შუაშია აქ სამშობლოს ღალატი? ცრუ ინფორმაციაზე არ სამართლდება. სამხედრო დანაშაულს ვადა არ აქვს და არა მასზე ლაპარაკს. რაც მან თქვა, თუ ყველაფერი ტყუილია და გეთანხმებით, რომ ტყუილია, მას ესე იგი, 32 წლის წინ კი არ ჩაუდენია რამე, ახლა ჩაიდინა ჩემს გადაცემაში. ვინმე გამოვიდეს და საჯარო სივრცეში ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს სამშობლოს ღალატი. იმის გამო, რომ ვიღაცამ რაღაც თქვა, რა შუაშია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა მე რა მომწონს და რა არ მომწონს, ეს სხვა საკითხია. არ შეიძლება ლაპარაკის გამო ადამიანის დაჭერა. შეიძლება, ყველაფერი დააბრალო ბარამიძეს და მე არ გამოვდგები ბარამიძის დამცველად, რაც თქვა, სისულელე იყო, მაგრამ ის ამის გამო სამშობლოს მოღალატე არ არის. თქვენ მოხვედით სამართლიანობის აღდგენის დაპირებით და ეს არ არის სამართლიანობის აღდგენა. ბიუროკრატი იჭერს პოლიტიკოსს პოლიტიკურ განცხადებაზე, რომელიც შეიძლება, სისულელე იყო“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პროკურატურამ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2003-2004 წწ) გია ბარამიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ, საბოტაჟის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. ბრალდება 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში - „საქართველოს დაბადება“ - ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.