რეზონანსი
12.09.2026

ამ წუთებში, პროტესტია კრწანისის ტყე პარკში -  ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები, პოლიტიკოსები, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სასულიერო პირები არიან შეკრებილები და არაბული ქალაქების მშენებლობის შეწყვეტას ითხოვენ. „საქართველოს მიწა ქართველ ხალხს ეკუთვნის! მოვითხოვთ გაუქმდეს „იგლ ჰილსთან“ დადებული ხელშეკრულება“ - ამბობენ ადგილზე შეკრებილები. 

კრწანისის ტყე პარკში იმყოფება არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც. სასულიერო პირის თქმით, თუ აღნიშნული ტერიტორია სამშნებლო მონაკვეთად გადაიქცევა, მაშინ „თბილისს ფილტვები აღარ ექნება“.

„მე აქ ვიყავი დირექტორი, პირველ რიგში, არა მე და ცალკეული მღვდლები, მთლიანად ეკლესია და ადმინისტრაცია უნდა ამბობდეს, რომ ეს უნდა შევუნარჩუნოთ თბილისს, საქართველოს და არ შეიძლება ამ მიწების გასხვისება. ეს არის ფილტვები რუსთავის, თბილისის. თბილისის ბეტონის ჯუნგლებად აქციეს და ესეც თუ ბეტონად იქცა, ჩათვალეთ, რომ თბილისს ფილტვები არ ექნება“, - ამბობს მამა დოროთე ყურაშვილი. 

ადგილზე იმყოფება პარტია „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებელი, ვიქტორ ყოფიანიც. პოლიტიკოსი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაასაჯაროოს „იგლ ჰილსთან“ დადებული, გასაიდუმლოებული ხელშეკრულების შინაარსი. 

„ეს პროექტი პირადად ჩემთვის არის ტესტი, რამდენად ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს სურვილი და უნარი ჩვენი ეროვნული სივრცე დავიცვათ, რასაც ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო ქვია. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გაასაჯაროეთ, გაასაჯაროეთ ის დოკუმენტები, რომელიც არაბულ კომპანიასთან გაფორმდა“, - აცხადებს ვიქტორ ყიფიანი. 

ცნობისთვის, „იგლ ჰილსთან“ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი აქვს მინიჭებული. შეთანხმების მიხედვით, თბილისსა და აჭარაში მსხვილი დეველოპერული პროექტები უნდა განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიქმნას. საჯაროდ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, თბილისსა და ბათუმში ჯამში 6,6 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტები უნდა განხორციელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×