რეზონანსი
13.09.2026

2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ მიგრაციის პოლიტიკაზე საუბრისას.

მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტროს მიერ დარეგისტრირებული პირველი ცვლილებები თავშესაფრის სისტემას და გაძევების მექანიზმების გამართვას შეეხებოდა.

„სხვადასხვა ინსტანციაში 8-10 პროცესი გვიწევდა იმისთვის, რომ ერთი ადამიანის გაძევებისთვის მიგვეღწია. ფაქტი დადგა ის, რომ თავშესაფრის სისტემა გამოიყენებოდა არა რეალურად თავშესაფრის მისაღებად, არამედ იმისთვის, რომ გაწერილი პროცედურა გამოყენებულიყო ქვეყანაში ხანგრძლივად დასარჩენად. ამიტომ ეს მიდგომა შეიცვალა, საერთაშორისო დაცვის შესახებ მთლიანად ახალი კანონი დაიწერა და ამან არსებული პრობლემა აღმოფხვრა", - განაცხადა დარახველიძემ.

პირველ რეფორმას მალევე მოჰყვა შემდეგი ნაბიჯი - შრომითი მიგრაციის მოწესრიგება.

„მაგალითად, საკურიერო სფეროში, ტაქსით მომსახურების სფეროში უცხოელების დასაქმებისთვის ნულოვანი კვოტა დაწესდა, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეების მხრიდანაც მოთხოვნა ამ მიმართულებაზე ჭარბია", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.

რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონში შევიდა და სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდა.

„დაახლოებით ქვეყანაში დღეს გაცემულია 35 ათასამდე სასწავლო ბინადრობა. პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანები საერთოდ არ იყენებდნენ ნებართვას იმ მიზნისთვის რა მიზნითაც აიღეს ბინადრობა", - აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ცვლილებები შეეხება ფიქციური ქორწინების საკითხსაც. საგამოძიებო უწყება ფიქციურ ქორწინებაზე საქმეს აღძრავს და თუ სასამართლო ფაქტს დაადასტურებს, ორივე პირს შესაძლოა სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადითაც კი განუსაზღვროს. ასევე, სასჯელი ითვალისწინებს უცხოელის საქართველოდან გაძევებას და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვას 2 დან 10 წლამდე.

„როგორც კი კანონი ამოქმედდა, ფაქტიურად 90-95% პროცენტით დაიკლო ასეთი ტიპის ბინადრობებზე მოთხოვნამ, ანუ აქაც ჩანს, ის რომ სახელმწიფოს ჩარევა ძალიან სწორი იყო. ჩვენ კანონმდებლობაში ასევე ჩავდევით კონკრეტული საშეღავათო პერიოდი, 2026 წლის 1-ელ ოქტომბრამდე წყვილებს, რომლებიც იმყოფებიან ფიქციურ ქორწინებაში თუ განქორწინდებიან მათ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×