
გერმანიის ბენზინგასამართი სადგურების ინტერესთა კავშირი (TIV) საწვავის ფასის ისტორიულ მაქსიმუმამდე - ლიტრზე 3 ევრომდე გაზრდას ელის.
ორგანიზაციის ექსპერტის ჰერბერტ რაბლის ინტერვიუს ჟურნალი Spiegel-ი ავრცელებს.
ბოლო დღეების განმავლობაში გერმანიაში ბენზინის ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და ლიტრზე 2,27 ევრო შეადგინა, დიზელის ფასი კი 2,40 ევროს უახლოვდება.
საწვავის გაძვირების უპრეცედენტო ტემპის ფონზე, ბენზინგასამართი სადგურების ოპერატორები შიშობენ, რომ ფასების შემდგომი ზრდა გარდაუვალია.
TIV-ის ექსპერტის განმარტებით, საზოგადოება უნდა მოემზადოს იმ რეალობისთვის, რომ მალე ლიტრი საწვავის ფასი 3 ევრო იქნება. "გერმანიის ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ეს ფასი უკვე დაფიქსირდა", - აღნიშნა რაბლმა.
ჰერბერტ რაბლი მკაცრად აკრიტიკებს ნავთობკონცერნების პოლიტიკას და აცხადებს, რომ მიმდინარეობს "აბსოლუტური ძარცვა". მისი თქმით, მაღალი ფასების გამო, თავად ბენზინგასამართი სადგურების მფლობელებიც ზარალდებიან.
ექსპერტი უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ფასების ზრდა პირდაპირ კავშირში იყოს გეოპოლიტიკურ კრიზისებთან.
მისი თქმით, გერმანია სპარსეთის ყურის ნავთობზე მცირედაა დამოკიდებული.
TIV-ის პოზიციით, ვინაიდან აშშ-ში საწვავის ფასები ხელოვნურად დაბალ დონეზეა შენარჩუნებული, კონცერნები სხვაგან ცდილობენ ფულის შოვნას. "და ეს სხვაგან არის ჩვენთან, ევროპაში", - განმარტა რაბლმა.
არსებული ენერგოკრიზისის ფონზე, პოლიტიკურ წრეებში დაპირისპირება გრძელდება.
მთავრობის მიერ მანამდე გატარებულმა შემამსუბუქებელმა ზომებმა ხანგრძლივი ეფექტი ვერ მოიტანა, - წერს მედია.
SPD-ის ლიდერები საწვავის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითხოვენ, თუმცა CDU-ს ეკონომიკის მინისტრი ამ იდეას ჯერჯერობით მხარს არ უჭერს.
ექსპერტი ჰერბერტ რაბლი ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფოს წილს საწვავის ფასის ფორმირებაში.
მისი თქმით, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის დაახლოებით ნახევარი გადასახადებში მიდის. ფასების შესამცირებლად ის დღგ-ს შემცირებას მოითხოვს და მაგალითად შვეიცარიას ასახელებს, სადაც საწვავზე მხოლოდ 7%-იანი გადასახადი მოქმედებს.