რეზონანსი
14.09.2026

 ამ კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი. იცით, რა საკონსტიტუციო სარჩელიც გვაქვს შეტანილი რიგი ე.წ. პარტიების მიმართ და ამ პარტიებს დაემატება პარტია „გახარია საქართველოსთვის", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, გაჩნდება კითხვები, თუ რატომ არ იყო მოხსენიებული თავის დროზე სარჩელში აღნიშნული პარტიაც.

„პასუხი არის ძალიან მარტივი. ყველას კარგად გვახსოვს მათი გეგმები. აპირებდნენ შემოსვლას პარლამენტში, შემდეგ იყო მათი მანდატების ცნობა. გულწრფელად რომ გითხრათ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მათ მისცა შანსი, რომ რეალურად ჩართულიყვნენ, მიუხედავად მათი წარსულისა და პირდაპირი კოალიციისა „ნაციონალურ მოძრაობასთან, საპარლამენტო ცხოვრებაში, მაგრამ ვნახეთ რა?, - პირველი, უხეში და თავხედური არ აღიარება კონსტიტუციური წყობილების ჩვენს ქვეყანაში. მეორე, ამის ირგვლივ მათი უამრავი დესტრუქციული ქმედება - პარლამენტს შიგნით კომენტარებში თუ ქმედებებში", - აღნიშნა კირცხალიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ ვის ძალას წარმოადგენენ ისინი.

„არ აქვს მნიშვნელობა ფერს და საარჩევნო ნომერს, როცა ემსახურები იმ მზაკვრულ იდეას, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის" აგენტურული ქსელი ემსახურებოდა, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ქვეყნის ინტერესების ღალატის ტოლფასია", - განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×