რეზონანსი
15.09.2026

ნინო წილოსანი „ქართული ოცნების“ მიერ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვის მოთხოვნას ეხმაურება. პარლამენტის ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, რომ პარტია კონსტიტუციურობის ილუზიას ქმნიდა, თუმცა რეალობაში დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავს.

„ნათლად იკვეთება მათი ერთობა იმ ანტიკონსტიტუციურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, რომლებსაც ძირითადად „ნაცმოძრაობის“ ორკესტრირებით მიმართავენ ეს პარტიები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „გახარიებმა“ თითქოს გადაწყვიტეს, ​ჩამსხდარიყვნენ კონსტიტუციურობის ჭრილში, შემოსულიყვნენ პარლამენტში და ეთამაშათ ვითომ კონსტიტუციური პარტიის როლი, ილუზია შეიქმნა, რომ ისინი გამოვიდნენ ამ ტყვეობიდან. ვხედავთ, რომ ისინი არც კონსტიტუციურ ინსტიტუტებს აღიარებენ, აგრძელებენ დესტრუქციულ მოქმედებებს და, რაც მთავარია, იყვნენ იმ ერთი მავნებლური მექანიზმის ნაწილი, რომელიც საკრებულოებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად ქმნიდა კოალიციებს, იმ ძალადობრივ აქციებში მონაწილეობდა, უერთდებოდა საქართველოს გაშავების კამპანიაში საზღვარგარეთ გაგზავნილ წერილებსა თუ სხვადასხვა რეზოლუციების სულისკვეთებას“, - აცხადებს წილოსანი.

„ქართული ოცნება“ ახალი საკონსტიტუციო სარჩელით პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ აკრძალვასაც ითხოვს. მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებულ სარჩელში უკვე მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და „ფედერალისტების“ აკრძალვა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×