
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ითხოვს, ფინანსთა სამინისტრომ სრულად გაასაჯაროოს თუ როგორ დაიხარჯა ის თანხები, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვის ორგანიზებისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო.
ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„2026 წლის მარტში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ორგანიზებისთვის კულტურის სამინისტროს 3 მილიონი ლარი გამოეყო. სამინისტროს არ გაუსაჯაროებია არანაირი ინფორმაცია, თუ როგორ დაიხარჯა გამოყოფილი თანხა, არ გამოუქვეყნებია კონტრაქტორების შესახებ დეტალები და არ პასუხობს ჟურნალისტების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას. ეჭვებს აძლიერებს მაშინდელი კულტურის მინისტრის მიმართ მანამდე არსებული პასუხგაუცემელი კითხვებიც, რომელიც მინისტრობამდე მის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კერძო კომპანიაში მუშაობას უკავშირდება.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიალის ორგანიზებისთვის 20 მარტს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ექვს უწყებას სულ 5.59 მილიონი ლარი გამოუყო, მათ შორის 3 მილიონი ლარი - კულტურის სამინისტროს. ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიხედვით, ამ თანხიდან კულტურის სამინისტრომ მხოლოდ 722.6 ათასი ლარი დახარჯა. დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ, 8 მაისს, მთავრობამ შეიტანა ცვლილება სარეზერვო ფონდიდან თანხების გამოყოფის შესახებ განკარგულებაში, მიუსადაგა ის რეალურ ხარჯებს და შეამცირა გამოყოფილი თანხები. ახალი განკარგულებით კულტურის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა ზუსტად 722.6 ათას ლარამდე, ხოლო სულ ჯამური პაკეტი 2.56 მილიონ ლარამდე შემცირდა.
საჯარო არ არის კულტურის სამინისტრომ 722.6 ათასი ლარის რა ნაწილი დახარჯა კონტრაქტორების მეშვეობით, რომელმა კომპანიებმა მიიღეს კონტრაქტები, რა მომსახურებისთვის, რა ოდენობით და რა საფუძვლით შეარჩიეს ისინი. ასევე უცნობია, როგორ დახარჯა თავისი წილი დანარჩენმა ხუთმა უწყებამ.
მინისტრად დანიშვნამდე წინა ორ წელიწადში თინათინ რუხაძემ 410,000 ლარი მიიღო კომპანიაში შპს „თიხარტი" მრჩევლის პოზიციაზე მუშაობისას. ეს არის ღონისძიებების ორგანიზებაზე მომუშავე კომპანია, რომელსაც 3.8 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის სახელმწიფო კონტრაქტები ისე აქვს მიღებული, რომ არასდროს კონკურენტულ ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა. ივლისში, რუხაძემ ისე დატოვა მინისტრის პოზიცია, რომ მასთან დაკავშირებით გაჩენილ ამ ლეგიტიმური კითხვებისთვის არ უპასუხია. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიზნობრიობა სწორედ ღონისძიების ორგანიზება იყო, რაც სწორედ მინისტრთან დაკავშირებული კომპანიის საქმიანობის სფეროში შედის. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, სამინისტრომ ხომ არ გადაუხადა თანხა მინისტრთან ფინანსურად დაკავშირებულ კომპანიას, რაც ამ კონტექსტში კორუფციული დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება იქნებოდა.
კანონის თანახმად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული შესყიდვები სახელმწიფო შესყიდვების სისტემის მიღმა რჩება: ის არ მოითხოვს არც კონკურსს და არც გამოქვეყნებას. კანონის ეს ჩანაწერი მნიშვნელოვნად აზიანებს საბიუჯეტო თანხების საჯარო კონტროლს და ქმნის კორუფციის რისკებს. 2023 წელს ეს პრობლემა მთავრობამაც აღიარა (ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში) და აიღო ვალდებულება რომ 2024 წლის ბოლომდე ამ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება სავალდებულო გახდებოდა. ეს ვალდებულება მთავრობამ არ შეასრულა.
კულტურის სამინისტრომ და სხვა უწყებებმა საკუთარი ინიციატივით უნდა გამოაქვეყნონ ამ ასიგნების ხარჯვის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებები, მიმწოდებლების შერჩევის კრიტერიუმები და სხვა დეტალები. აგრეთვე, კულტურის სამინისტრომ უნდა შეწყვიტოს კანონის დარღვევა და ჟურნალისტებს მიაწოდოს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია. ასეთი სენსიტიური საჯარო სახსრების ხარჯვის გასაიდუმლოება წლების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელ თვისებად იქცა, რაც მხოლოდ აღრმავებს საზოგადოებაში არსებულ ეჭვებს",- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.