
„ქართული ოცნება“ გახარიას გუნდის წევრის, ვიკა ფილფანის დეზინფორმაციულ და არაერთი სიცრუის შემცველ განცხადებაზე საუბრობს. ფილფანმა გუშინ, პოლიტიკური გამოსვლის დროს, მისივე მტკიცებით, ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ პირველ კვარტლში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი. რეალურად კი ეს მაჩვენებელი არა 532, არამედ 15-ია.
ფილფანის მიერ დასახელებული ციფრი კი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას. ოპოზიციონერმა დეპუტატმა არასწორად დაასახელა სხვა დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლებიც, რაც, „ქართული ოცნების“ შეფასებით, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა და პოლიტიკური სპეკულაციებია. მმართველ გუნდში ითქვა ისიც, რომ გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდთან, ანუ 2019 წელთან შედარებით, დანაშაულის რიცხვი შემცირდა, გახსნის მაჩვენებელი კი 40 პროცენტით გაიზარდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ შსს-ს სტატისტიკა გამოქვეყნება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინ პირადად ვთხოვე, რომ ნარკოტიკების მიმართულებით და მკვლელობების საქმესთან დაკავშირებით, ამის გახსნადობასთან დაკავშირებით სტატისტიკა გამოექვეყნებინა, რათა ნათელი გამხდარიყო, რომ ეს ხალხი სიცრუეზე აგებს ყველა თავის ნარატივს, როდესაც საუბრობენ.
შეუძლიათ, შეადარონ, მათი ხელმძღვანელი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, იმ ციფრებს... თუნდაც მკვლელობებთან დაკავშირებით, თუნდაც გახსნასთან, თუნდაც ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობა და თუნდაც გამსაღებლების დაკავების რაოდენობასთან დაკავშირებით და ყველა კარგად მიხვდება, რომ მათი ძირითადი იარაღი არის ყველაფერი დაფუძნებული სიცრუეზე“, - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.