
როდესაც გახარიას პოლიტიკური ჯგუფი პოლიტიკური შატალოდან დაბრუნდა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გზა ცალსახად აისახა „ნაცმოძრაობასთან“ მათ კოლაბორაციონისტულ პოლიტიკასა და პროცესებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გახარიას პარტიის წევრები საკუთარი ქმედებებით ანტიკონსტიტუციურობას ავლენენ.
„კარგად ვიცით, საკრებულოებში როგორ შექმნეს ტანდემი დ ა.შ. მიუხედავად დაბრუნების პროცესისა, ეს პოლიტიკური ჯგუფი არაღიარების იმ გზას აგრძელებს, რომელიც, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგია, პრაქტიკულად საქართველოში დემოკრატიას, ხელისუფლებას და იმ ხალხს არ აღიარებენ, რომლებმაც ხმა მისცეს მათთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას, „ქართულ ოცნებას“. ამ მოცემულობაში ისინი საკუთარი ქმედებებით ანტიკონსტიტუციურობას ავლენენ. ამიტომ უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რაც ჩვენ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ გახარია და მისი პოლიტიკური ჯგუფი წარმოადგენს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემადგენელ ნაწილს და ეს არაერთი გარემოებით დასტურდება, ეს ყველაფერი უკვე სარჩელშია და საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს ამის შესახებ. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით. ამ ეტაპზე სარჩელია შესატანი. ის მანიპულაცია, რომ თითქოს ეს ვადასთან არის დაკავშირებული, ესეც თითიდან გამოწოვილი საკითხია, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს 9-თვიანი ვადა, მაქსიმუმი ვადა აქვს. სრულიად შესაძლებელია, რომ გადაწყვეტილება გაცილებით მოკლე ვადაში მიიღოს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.