
ლილუაშვილს 13 წელი - ეს უკვე არის ამ სახელმწიფოს სრულყოფილად გადასვლა ტერორის სახელმწიფოში, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სუს-ის ყოფილი უფროსისთვის, გრიგოლ ლილუაშვილისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ლილუაშვილისთვის თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა, რუსეთის პერსონალური დაკვეთაც ყოფილიყო, რადგან სწორედ რუსეთს არ აწყობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოცდილი კადრი საერთაშორისო კონტაქტებით.
„რაზე ისჯება ლილუაშვილი, რა არის ეს შურისძიება, რომელიც მასზე ხორციელდება? ჩვენთვის გარედან რთული სათქმელია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, ეს რა არ არის. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ კორუფციის და „ქოლ-ცენტრების“ გამო დასჯა, რადგან ეს ყველგან არის გავრცელებული და ყველამ იცოდა, პირველ რიგში ივანიშვილმა და მთელმა გუნდმა. ბინები, სახლები, მანქანები, ეს ხშირად იყო ნაჩვენები თუნდაც ტელევიზიის საშუალებით, ამიტომ აქ არაფერი არ იმალებოდა და აქ არ არის დამარხული მგლის თავი. სხვა რამეშია საქმე, ეს ნათლად არის პოლიტიკური საქმე, როგორი პოლიტიკური საქმეც ნათლად არის ღარიბაშვილის საქმე. კორუფცია რომ არის ეს ვიცით, ვინ არ არის კორუფციაში ჩაფლულ იმ დიდი გუნდიდან, რომელიც ქმნის „ქართულ ოცნებას“? ვერავის ვერ დავასახელებ. პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, ვისზეც თავს დავდებთ, რომ ის ნამდვილად არ არის რაიმე გარიგებაში და არაფერ ფულს არ იღებს. ასეთი ადამიანები აღარ არიან, შეიძლება იყვნენ, მაგრამ აღარ არიან.
შეიძლება ვივარაუდოთ, რა ხდება - აქ არის დანაშაული პერსონალური ივანიშვილის წინაშე, თუ პერსონალური პოლიტიკური დანაშაული რუსეთის წინაშე? ეს ხომ არ არის რუსეთის შურისძიება? ეს ხომ არ არის რუსეთის დაკვეთა, რომ ამ უწყებაში, სუს-ში არ იყოს ადამიანი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება, ასევე საერთაშორისო კონტაქტები და ნდობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო თარაშვილმა მიიღო.
თარაშვილის განაჩენის თანახმად, ლილუაშვილი დამნაშავედ იქნა ცნობილი ბრალად წარდგენილ ოთხივე ეპიზოდზე: ბაგა-ბაღების სააგენტოს, თაღლითური „ქოლ ცენტრებისა“ და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის დახმარებით ქრთამის აღების 2 ეპიზოდზე.