
სპეციალური პენიტენციური სამსახური, გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ პატიმართა უფლებების დაცვა, სამედიცინო მომსახურება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები სრულიად უზრუნველყოფილია.
უწყების განმარტებით, ცნობები არასრულფასოვან კვებაზე დეზინფორმაციაა და სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
"თითოეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების მაქსიმალური დაცვა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია. შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ თითოეულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამედიცინო მომსახურება 24-საათიან რეჟიმში მიეწოდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების სტანდარტის შესაბამისად, ხოლო, თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა შეუძლებელია პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მას სერვისი მიეწოდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
რაც შეეხება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, ესეც არის პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ამ მიზნით, სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია წელიწადში სამჯერ ახორციელებს ყველა პენიტენციური დაწესებულების საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების სადეზინფექციო სამუშაოებს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების დაცვით.
ამასთან, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოებს შესაბამისი საშუალებებით აწარმოებენ სამსახურის მიერ სპეციალურად ამ მიზნით ხელშეკრულებით დასაქმებული თანამშრომლები. სამუშაოები ტარდება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში როგორც თვეში ერთხელ, გეგმიურად, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების ადმინისტრაციის მოთხოვნის შესაბამისად. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ყველა იმ ადგილას, სადაც მიუთითებს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, კერძოდ: საკნებში (ხორციელდება საკნის დაცლა და საჭიროების შემთხვევაში ხორციელდება რბილი ინვენტარის ახლით ჩანაცვლება), დერეფნებში, სველ წერტილებში, საზოგადოებრივ მისაღებებში, სამორიგეო, ექიმის, თანამშრომლების სამუშაო, საამანათო, პაემნის, საადვოკატო და გარე დაცვის ოთახებში; გარდა ამისა, დამატებით, კვარტალში ერთხელ დასუფთავების კომპანია ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების საზოგადოებრივი მისაღებებისა და სამედიცინო პუნქტების დეზინფექციას. ასევე, პრევენციის მიზნით, არათუ პენიტენციური დაწესებულებების შიდა ტერიტორია, არამედ ასევე ხდება გარე პერიმეტრის (ბუფერული ზონების) მოწესრიგება, მათ შორის, ბალახის გათიბვა, ტერიტორიების ბუჩქნარებისა და სხვა ნარგავებისაგან გაწმენდა, რა დროსაც სპეციალური ხსნარებით მუშავდება აღნიშნული ტერიტორიები, რათა როგორც დაწესებულებები, ასევე, გარე პერიმეტრიც დაცული იყოს მწერებისა და ქვეწარმავლებისგან.
რაც შეეხება არასრულფასოვან კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებას, ესეც არის მორიგი სიცრუე. პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმის შედეგად თითოეული ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. მენიუ შედგენილია სპეციალურად ამ მიზნით მოწვეული ნუტრიციოლოგების მიერ და მოიცავს დაბალანსებულ კვებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული კამპანიის ნაწილი, რაც პერიოდულად ხორციელდება პენიტენციური სისტემის დისკრედიტაციის მიზნით. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის, მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ ცრუ ნარატივების გავრცელებისგან," - ნათქვამია განცხადებაში.