
"დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია" თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ", - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი Wolt-ის სარეკლამო კამპანიას.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ერთი გამიზნული სარეკლამო გადაწყვეტილებით, Wolt-მა საკუთარი მილიონნახევრიანი კლიენტურის წინააღმდეგ გაილაშქრა.
მისივე შეფასებით, ღირსების მოყვარულ და Kordz-ის მიერ შეურაცხყოფილ მოსახლეობას უნდა მოვუწოდოთ ამ კომპანიის სერვისის ბოიკოტისაკენ, ვინაიდან, დედის გინებას უკვე "ვოლტიც" შეუერთდა და ღირსების საკითხია, რომ აღარავინ ისარგებლოს მათი სერვისით.
"დღეს თქვენი ჯერიც დადგა. თითქოსდა წარმატებული კომპანია იყავით, რომელმაც დღეს ისეთ ნეხვში ჩააბიჯა - როგორიცაა ე.წ. მუსიკოსი ალექსანდრე კორძაია (მეტსახელად Kordz-ი). ეს ის "შემოქმედია" თქვენი პოტენციური კლიენტების მილიონნახევარს "ოლე-ოლე"-თი დედას რომ აგინებს ქუჩა-ქუჩა და რომელსაც თქვენ საკუთარი აწ უკვე სამარცხვინო კომპანიის სამარცხვინო რეკლამაში იღებთ.
დღეს თქვენ შეუერთდით იმ ექიმებს, რომლებმაც პირველად 2021 წელს გააჟღერეს "ქოცებისთვის" სამედიცინო მომსახურებაზე უარი. თქვენ შეუერთდით იმ ნაცრესტორნების ოფიციანტებს - რომლებიც "ქოცების" მომსახურეობაზე ბოიკოტს აცხადებენ, ან მათ ყავასა თუ საკვებში - იფურთხებიან.
თქვენ შეუერთდით იმ "საყოფაცხოვრებო ბულინგს" და სოციალურ იზოლაციას, როგორიც არის - კერძო მომსახურებაზე უარის თქმა (რემონტი, რეპეტიტორობა, ტაქსი), ასევე მოხელეებთან და მათ ოჯახის წევრებთან პირადი და მეგობრული კონტაქტების გაწყვეტა.
თქვენ შეუერთდით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის მოწოდებებს - სამართალდამცავებმა და საჯარო მოხელეებმა არ შეასრულონ ხელმძღვანელობის ბრძანებები, დატოვონ სამსახური ან ღიად გადავიდნენ საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარეს.
დღევანდელი სარეკლამო გადაწყვეტილებით, თქვენ შეუერთდით მმართველი პარტიის
პოლიტიკოსებისა და დეპუტატების დევნისა და პროტესტის ნიშნად შეძახილების ორგანიზების კამპანიას საზოგადოებრივ ადგილებსა და მათ სახლებთან, ასევე სოციალურ ქსელებში მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების გამოქვეყნებას.
თქვენ შეუერთდით საგარეო სანქციებისა და ბლოკადის მოწოდებებს - დასავლელი პარტნიორებისადმი მიმართვების სახით, არა მხოლოდ პარტიის ლიდერების მიმართ პერსონალური სანქციების დაწესების, არამედ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებისა თუ ხელისუფლების შეცვლამდე, ფინანსური დახმარების გაყინვის მოთხოვნით.
დიახ, ამ ერთი გამიზნული სარეკლამო გადაწყვეტილებით - თქვენ ამ ყველაფერს შეუერთდით და საკუთარი მილიონნახევრიანი კლიენტურის საწინააღმდეგოდ გაილაშქრეთ. დღეიდან - ნებისმიერ თქვენს მიერ მოწოდებულ პროდუქტში "ოლე-ოლეს" შეძახილის თანხლებით, მისი ხარისხის მიმართ სერიოზული ეჭვები უნდა გაჩნდეს.
სწორედ ამიტომ, ღირსების მოყვარულ და Kordz-ის მიერ შეურაცხყოფილ მოსახლეობას უნდა მოვუწოდოთ ამ კომპანიის სერვისის ბოიკოტისაკენ. დღეს უკვე ფაქტიურად ჩვენ დედის გინებას - უკვე "ვოლტიც" შეუერთდა და ჩვენი ღირსების საკითხია, რომ არავინ აღარ ისარგებლოს მათი სერვისით. მე მგონი, სავსებით ლოგიკური და დამსახურებული მოთხოვნაა", - წერს ქართველიშვილი.