
აშშ-ში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში" ცვლილებების შეტანა და მისი მოქმედების სფეროს გაფართოება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ანა პოლინა ლუნამ წარადგინა.
ახალი კანონპროექტის თანახმად, FARA-ს რეგულაციები სოციალური ქსელების ინფლუენსერებზეც გავრცელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს ონლაინსივრცეში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას იმ პირებისთვის, რომლებიც უცხოური მთავრობების ან სუბიექტების ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ.
საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, განცხადება გაავრცელა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც. სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ გააუქმებს ყველა იმ უცხოელის ვიზას, რომლის საქმიანობაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და საგარეო პოლიტიკას ეწინააღმდეგება.
უწყების განმარტებით, კანონიერი ვიზიტორები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნას და უცხოური ძალის მითითებით მოქმედების შემთხვევაში, შესაბამისი რეგისტრაცია გაიარონ.