
სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის აღმოსავლეთით, ბოლო ორ თვეში უკვე მეცხრე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. ბოლო მსხვერპლი ხუთშაბათს დილით, დოუნ პარკში, გზის პირას, ზეწარში გახვეული და ნახევრად შიშველი იპოვეს. მომხდარმა ადგილობრივ მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ქალებში, დიდი შიში და პანიკა გამოიწვია.
გზის პირას ნაპოვნი ცხედრები და საეჭვო გარემოებები
იოჰანესბურგის ურბანულ არეალში - ეკურჰულენიში ივლისის შემდეგ 8 ქალის ცხედარი იყო ნაპოვნი, რასაც ახლა მეცხრე შემთხვევა დაემატა. რამდენიმე მსხვერპლი ნაწილობრივ შიშველი და სხეულის დაზიანებებით იპოვეს. პოლიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ჯერ არ არის დადგენილი, არის თუ არა ეს შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებული ან მოქმედებს თუ არა სერიული მკვლელი.
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირატ რამაფოსამ განაცხადა, რომ დამნაშავეთა დასადგენად ყველა შესაძლო ზომა მიიღება, რადგან ეს მკვლელობები საზოგადოებაში შიშსა და გაურკვევლობას თესავს.
მსხვერპლთა შორის არის 38 წლის ელიზაბეთ "წონწო" მოსელაკგომო, რომელიც გასულ კვირას სირბილის დროს გაუჩინარდა, სამი დღის შემდეგ კი მისი ცხედარი კემპტონ პარკში, სასტუმროს უკან იპოვეს. გარდა ამისა, იდენტიფიცირებულია იტუმელენგ კეკანა, რომელიც ივლისიდან იძებნებოდა, და 38 წლის დინეო ეველინ მოტაპანე, რომლის ცხედარიც სამშაბათს კვათემაში, გზის პირას აღმოაჩინეს.
პირველი ცხედარი 15 ივლისს კემპტონ პარკში იპოვეს. ეჭვმიტანილი ორი დღის შემდეგ დააკავეს და იგი პატიმრობაში რჩება, თუმცა პოლიციას იგი სხვა მკვლელობებთან ჯერ არ დაუკავშირებია. ბოლო მსხვერპლი, სავარაუდოდ, 30-იანი წლების ასაკის ქალია, რომელსაც სხეულზე დაჟეჟილობა და დანით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
ადგილობრივი მცხოვრები ბონგეკა სებელა BBC-სთან საუბარში ამბობს, რომ ქალებს გარეთ გამოსვლისა და მაღაზიაში წასვლისაც კი ეშინიათ, რადგან საკუთარ ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ თავს.
სამართალდამცავებმა შექმნეს დეტექტივების, დაზვერვის ოფიცრებისა და ექსპერტების მრავალპროფილური ჯგუფი შემთხვევების გამოსაძიებლად. გარდა ამისა, პოლიცია ეძებს საეჭვო პირს, თუმცა დეტალებს არ ახმაურებს. ხელისუფლებამ გამოაცხადა 400 000 რანდის ($24 000) ოდენობის ჯილდო ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რაც დამნაშავეთა დაკავებას შეუწყობს ხელს.
პოლიციამ ქალებს სიფრთხილისკენ მოუწოდა - ურჩია, მოერიდონ მარტო სიარულს, იზოლირებულ მარშრუტებს, ყურსასმენებით მაღალ ხმაზე მუსიკის მოსმენას და ახლობლებს ყოველთვის გაუზიარონ თავიანთი ადგილმდებარეობა.