
საქართველოში კანონის მიღების მიზანია, ივანიშვილმა მიიტაცოს ძალაუფლება და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ორგანიზაციის დარეგისტრირების უფლება ფაქტობრივად არ ჰქონდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა ქვეყნებში კანონების მიღების მიზანი სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისა და კრიტიკული აზრის ჩახშობა არ არის.
„ქართული გამჭვირვალობის კანონი კი არა ნებისმიერი კანონი, რომელიც არის ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიღებული, ისახავს მიზნად ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის განადგურებას. იგივე მიზნები და იგივე საფუძვლები არ არსებობს არცერთ ქვეყანაში. რაც არ უნდა მაგალითები მოიყვანოთ, ვერ იქნება ეს ტოლფასი, რადგან აშშ-ში არც ოპოზიციურ პარტიებს კრძალავენ, არც სამოქალაქო საზოგადოებას ანადგურებენ და არც კრიტიკულ აზრს ახშობენ.
მარტივად გიხსნით, რა განსხვავებაა საქართველოსა და ამერიკის პოლიტიკურ ლანდშაფტს შორის. ამიტომაც არის განსხვავება იმ კანონებს შორის, რომელსაც მიიღებენ. აქ კანონის მიღების მიზანია, რომ ივანიშვილმა მიიტაცოს ძალაუფლება და კრიტიკულად განწყობილი ადამიანების, ორგანიზაციის დარეგისტრირების უფლება ფაქტობრივად არ ჰქონდეთ. ეს არის ივანიშვილის და მისი ბანდის მიზანი. ეს მიზანი არ ამოძრავებთ სხვა ქვეყნებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია: „კანონები ავალდებულებს ფიზიკურ პირებს, დარეგისტრირდნენ უცხოელ აგენტებად, როდესაც ისინი აშშ-ში მოქმედებენ უცხო ქვეყნის მთავრობის ან უცხოური სუბიექტის მითითებით და კონტროლით“. ამასთან, კონგრესმენმა ანა პაულინა ლუნამ მოამზადა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტი, რომელიც შესაძლოა, ინფლუენსერებზეც გავრცელდეს.