
პროკურატურა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილთან, ზაქრო ალბუთაშვილთან და ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, გიორგი ჩახუნაშვილმა და ზაქრო ალბუთაშვილმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართეს. ამის შესახებ ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პროკურატურამ მსჯავრდებულებთან ზაქრო ალბუთაშვილთან და გიორგი ჩახუნაშვილთან საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა, რაც სასამართლომ დაამტკიცა.
„მსჯავრდებულები ზაქრო ალბუთაშვილი და გიორგი ჩახუნაშვილი ხუთ პირთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.
ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს პროკურატურის საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობის საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულ ნიკა გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 7 მაისის განაჩენით ნიკა გვენცაძე სხვა პირებთან ერთად დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
საპროცესო შეთანხმების თანახმად მსჯავრდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პირობითი მსჯავრი განესაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.