
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან იზორია აძლევს ჩვენებას. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის მიხედვით, სხდომაზე, ყოფილი თანამდებობის პირები უნდა დაიკითხონ, მათ მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია კი შესაძლოა, სახელმწიფო საიდუმლოებას ან პროფესიულ საიდუმლოებას შეიცავდეს, რაც სხდომის დახურვის საფუძველია. სასამართლოში იმჟამინდელი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრის ვახტანგ გომელაურის დაკითხვაც იგეგმება.
ცნობისთვის, საქმეზე ყოფილი შს და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა ბრალდებული. გიორგი გახარიას ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალის მიხედვით, გიორგი გახარიამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, სოფელ ჩორჩანასთან, დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს აღმართვის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რის შედეგადაც, საოკუპაციო ძალების კონტროლქვეშ აღმოჩნდა დაახლოებით ასი ჰექტარი ტყის მასივი. ადგილი ჰქონდა სხვადასხვა უკანონო აქტივობებს, მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას დასახლებული პუნქტებისკენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით მოექცა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ყობისა და წნელისის მკვიდრთა საცხოვრებელი სახლები.