
სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება კი ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთანხმებული , - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას საქმის პროკურორმა, თამარ იაკობიძემ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოწმე სახით ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან იზორია და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი დაიკითხნენ.
როგორც პროკურორმა განმარტა, მოწმეებმა თავიანთ ჩვენებაში აღნიშნეს, რომ საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილია და გიორგი გახარიას გადაწყვეტილება მათთან კოორდინირებით უნდა მიეღო.
პროკურორმა, ასევე, განმარტა,რის საფუძველზე დაიხურა დღევანდელი სასამართლო პროცესი.
„დღეს ბრალდების მხარემ სამი მოწმე დაკითხა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დაიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელია, ყოფილიყო კითხვები, რომელიც მიმართული იქნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან, აქედან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის სრული დაცვით, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლო სხდომის დახურვაზე, სასამართლომ კი გაიზიარა არგუმენტაცია.
სასამართლო პროცესზე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, თითოეულ მოწმესთან დაესვათ კითხვები.
რაც შეეხება მოწმეებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს. სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება კი ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთანხმებული.
აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დეტალურად გაშალეს ის ნორმატიული აქტები და სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები და დეტალურად აუხსნეს სასამართლოს, რატომ იყო საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი და რატომ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულად შეთანხმებული, რაც არ განხორციელდა გიორგი გახარიას მიერ“, - განაცხადა პროკურორმა.