
ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა და მრეწველობის მინისტრმა, კარელ ჰავლიჩეკმა განაცხადა, რომ ევროპა კიდევ ერთ ენერგეტიკულ კრიზისში შედის.
ჰავლიჩეკის თქმით, კრიზისს ჯერჯერობით ფასებზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა უახლოეს თვეებში ენერგიის ხარჯები გაიზრდება.
მისივე განცხადებით, ჩეხეთი ევროკავშირში მოკავშირეებს ეძებს სტაბილიზაციის ღონისძიებების დასანერგად.
ჩეხეთის ვიცე-პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ბირჟებზე ენერგომატარებლების ფასების მიმდინარე ზრდაზე და აღნიშნა, რომ ევროპაში ენერგიის ფასები მსოფლიოს სხვა ნაწილებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია. ერთ-ერთ მიზეზად მან ე.წ. სარეზერვო წყაროების სისტემა დაასახელა, რომელიც ელექტროენერგიის ფასზე ფუნდამენტურ გავლენას ახდენს.
„ევროპამ შეცდომები დაუშვა გარკვეული ცვლილებების აჩქარებისას. ამის გამო 20 წელი დავკარგეთ და სიტუაციის გამოსასწორებლადაც დაახლოებით იმდენივე დრო დაგვჭირდება. ჩვენ უნდა დავასტაბილუროთ ვითარება ევროპაში, რათა შევამციროთ დამოკიდებულება და შევქმნათ ენერგიის ახალი წყაროები“, – განმარტა ჰავლიჩეკმა.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ განაგრძობს დახმარების გაწევას იმ დარგებისთვის, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების გამო საწვავის ფასების ბოლო ზრდისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.
ასევე, იტალიის მთავრობამ 2027 წლიდან მცირე ავტომობილებისა და მოტოციკლებისთვის საგზაო გადასახადის გაუქმება დააანონსა, საწვავის მაღალი ფასების გამო.