
კლიმატოლოგების პროგნოზით, სუპერ ელ-ნინიოს მიერ გამოწვეული ძლიერი სიცხე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მსოფლიოში 450 000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს.
მკვლევრების შეფასებით, 2026 წლის სექტემბრიდან 2027 წლის თებერვლამდე სიცხით გამოწვეული დამატებითი სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 451 000-ს მიაღწევს. ეს რიცხვი მხოლოდ სიცხეს უკავშირდება და არ მოიცავს ხანძრებითა და წყალდიდობებით გამოწვეულ შესაძლო მსხვერპლს.
ყველაზე მეტად ტროპიკული ქვეყნები დაზარალდებიან. მკვლევრები ასახელებენ ნიგერიას, ინდონეზიას, სუდანს, ინდოეთსა და ბრაზილიას. აშშ-ში კი სიცხით 3 500 ადამიანის სიკვდილია პროგნოზირებული.
ელ-ნინიო უკვე უჩვეულოდ ძლიერია და ტემპერატურის რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. მეცნიერების შეფასებით, მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ფენომენი უკვე კლიმატის დათბობის ფონზე ვითარდება.
მკვლევრების თქმით, მოსალოდნელი შედეგების შესამცირებლად ქვეყნებს შეუძლიათ წინასწარ მიიღონ ზომები - გააუმჯობესონ სიცხის შესახებ გაფრთხილებები, გახსნან გაგრილების ცენტრები, ცხელ პერიოდში გააძლიერონ სამედიცინო სერვისები და დაიცვან ადამიანები, რომლებიც ღია ცის ქვეშ მუშაობენ.
ელ-ნინიო ბუნებრივი კლიმატური მოვლენაა, რომელიც წყნარ ოკეანეში ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მატებას უკავშირდება. მისი გავლენა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ტემპერატურაზე, ნალექებსა და ამინდის პირობებზე აისახება.
ამჟამინდელი ელ-ნინიო განსაკუთრებით ძლიერია. მეცნიერების ინფორმაციით, 21 სექტემბერს ფენომენმა რეკორდულ ტემპერატურას მიაღწია, მაშინ როცა მისი პიკი ჯერ კიდევ რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი.
მკვლევრების თქმით, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს გლობალური დათბობა.
მეცნიერები ელიან გვალვების, ხანძრებისა და წყალდიდობების გახშირებას, რაც სურსათისა და წყლის რესურსებს დამატებით საფრთხეს შეუქმნის.