
თავდაცვის ექსმინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ყოფილმა მოადგილემ, ვასილ მხეიძემ და ბურჭულაძის ცოლის ძმამ, გიორგი ხაინდრავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვეს. მათ N12 პენიტენციური დაწესებულებასთან ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს საპროცესო შეთანხმება 14 სექტემბერს გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძეს, 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელი და 2 თვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადა, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.
გამოძიება ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის გარემოცვას თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიების მიხედვით, მათ გორის ჰოსპიტლისთვის ტომოგრაფის აპარატი ხელოვნურად გაზრდილ ფასად შეიძინეს. თავდაცვის ექს-მინისტრს ასევე ბრალად ედება დაუსაბუთებელი შემოსავლების შენიღბვა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში 544 000 ევროდ სახლისა და მიწის ნაკვეთის შესასყიდად.