
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა. როგორც სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს განაგრძობს.
„ლაბორატორიული კვლევის მიზნით, საბავშვო ბაღებიდან აღებულია ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის სურსათის ნიმუშები, კერძოდ: ხილ-ბოსტნეული, რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი), ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლის ხორცი, ქათმის ხორცი), ასევე მარცვლეული.
ლაბორატორიული შემოწმება ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).
ამ დროისთვის გამოკვლეულია საბავშვო ბაღებიდან აღებული ცხოველური და არაცხოველური სურსათის 129 ნიმუში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ყველა გამოკვლეული ნიმუში სრულად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებსა და უვნებლობის ნორმებს - დარღვევა არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ კომპლექსური მოკვლევა მყისიერად დაიწყო. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შეამოწმეს 70-მდე ობიექტი (საჯარო ბაგა-ბაღები, ხორცის საწარმო, რძის პროდუქტების საწყობი). ლაბორატორიული კვლევისთვის ჯამში აღებულია სხვადასხვა დასახელების სურსათისა და სასმელი წყლის 694 ნიმუში, რომელთა კვლევის შედეგებიც ეტაპობრივად გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, 18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. მათივე ცნობით, ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით.
შეგახსენებთ იმასაც, რომ მანამდე ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.