
ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ევროკომისიის მთავარი მრჩევლის ჯიმ ჰაგემან სნაბეს განცხადებით, ევროკავშირმა ნაკლები ყურადღება უნდა დაუთმოს ხელოვნური ინტელექტის შექმნის სფეროში ლიდერობისთვის ბრძოლას და უფრო მეტად იფიქროს იმაზე, როგორ გამოიყენოს ეს ტექნოლოგია ბლოკის ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიულობის გასაზრდელად.
მისი განცხადებით, ტექნოლოგია ევროპისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, დააჩქაროს ეკონომიკური ზრდა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჯანდაცვაში, სოფლის მეურნეობაში, ტრანსპორტში, თავდაცვასა და მრეწველობაში.
სნაბემ აღნიშნული მოსაზრება ევროკომისიის 27 წევრს 4 სექტემბერს გამართულ სემინარზე გააცნო. ამის შესახებ „პოლიტიკოს“ ევროკომისიის ორმა წარმომადგენელმა განუცხადა. ევროკავშირი ცდილობს, სწრაფად განვითარებული ხელოვნური ინტელექტისგან მიღებული ეკონომიკური სარგებელი მაქსიმალურად გამოიყენოს, თუმცა ამავდროულად უმკლავდება ტექნოლოგიის შესაძლო უარყოფით გავლენას დასაქმებაზე, უსაფრთხოებასა და საზოგადოებაზე.
„ევროპის ლიდერებმა ზედმეტად არ უნდა იდარდონ იმაზე, ვინ იქნება მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ძლიერი მოდელების შექმნაში. ჩვენ უნდა ვიყოთ ისინი, ვინც ამ ტექნოლოგიიდან ყველაზე დიდ ღირებულებას მიიღებენ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ მოხსენებაში.
ევროკომისიამ სნაბე სპეციალურ წარმომადგენლად ივლისში დანიშნა. მისი მოვალეობაა ფონ დერ ლაიენისთვის და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტისთვის ჰენა ვირკუნენისთვის ხელოვნური ინტელექტის საკითხებში რჩევის მიცემა და ამ მიმართულებით ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს სტრატეგიის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება.
მისი მანდატი მოიცავს ხელოვნური ინტელექტის დანერგვისთვის საჭირო ინფრასტრუქტურასა და ტექნოლოგიებს, მონაცემთა ცენტრებით, გამოთვლითი სიმძლავრეებით და ჩიპებით დაწყებული, ხელოვნური ინტელექტის მოდელებითა და მრეწველობის სხვადასხვა სფეროში მათი გამოყენებით დამთავრებული. სნაბეს მიერ ევროკომისრებისთვის პრეზენტაციის გამართვამდე ერთი კვირით ადრე ევროკომისიის ხელოვნური ინტელექტის კიდევ ერთმა ექსპერტმა ანალოგიური სემინარი ევროკომისართა კაბინეტების ხელმძღვანელებისთვის ჩაატარა.
ორივე შეხვედრაზე მთავარი გზავნილი იყო დისკუსიის ფოკუსის შეცვლა. იმის ნაცვლად, რომ მთავარი კითხვა იყოს, შეუძლია თუ არა ევროპას მსოფლიოში წამყვანი ხელოვნური ინტელექტის მოდელების შექმნა, ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიის გამოყენება ევროპის ეკონომიკის გასაძლიერებლად, წერს გამოცემა.