რეზონანსი
25.09.2026

სპეცრაზმი სამ სხვადასხვა მისამართზე ერთდროულად შევიდა და დაკავების ღონისძიება ჩაატარა. აღკვეთილია მძიმე დანაშაულის ფაქტი. განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადების და „ქურდული სამყაროს“ წევრობის საქმეზე, დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი.

ერთ-ერთი, ვინც შეკვეთილი მკვლელობის შემსრულებელი უნდა ყოფილიყო, სახლში აიყვანეს. ბინის კარი „კურიერს“ თავად მეპატრონემ გაუღო, რომელმაც სავარაუდო ქილერს ფართი პირველ სექტემბერს მიაქირავა. ქალი ჩხრეკას დაესწრო და გაიხსენა, რომ სამართალდამცველებმა მის მდგმურს ჯერ ხელბორკილები დაადეს, ნივთმტკიცებად მობილური ტელეფონები ამოიღეს, სამართლებრივი პროცედურები ჩაატარეს და საგამოძიებო მოქმედებები მალევე დაასრულეს.

თბილისის პარალელურად სპეცრაზმი მობილიზებული იყო ოზურგეთშიც. ორბელიანის ქუჩაზე და სოფელ მერიაში. ამ მისამართებზე უკვე მკვლელობის შეკვეთების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობდა.

მასშტაბური სპეცოპერაციის დაგეგმვამდე გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ღონისძიებები ჩაატარეს, მოსამართლის განჩინებით, მძიმე დანაშაულის მომზადების დამადასტურებელი მთავარი მტკიცებულებები მოიპოვეს. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის წევრების სატელეფონო ჩანაწერებზე.

პოლიციამ მკვლელობის გეგმა გაშიფრა და ის მიზეზი დაადგინა, თუ რატომ სურდათ მათ კონკრეტული პირის თავიდან მოცილება.

მსხვერპლის ლიკვიდაციის მოტივი წარსულში მომხდარი უთანხმოებაა. მეტსახელად ბაჩიმ და ვასკამ დავალების შესრულება მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ მესამე პირს სთხოვეს. დაკავების შემთხვევაში კი საზღვარგარეთ მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდის ალექსანდრე ქურასბედიანის, იგივე წრიპას, სახელით ციხეში მფარველობასაც დაჰპირდნენ.

ე.წ. კანონიერი ქურდი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეში თავადაც აქტიურად იყო ჩართული, ყველა დეტალს ორგანიზებული ჯგუფის წევრები სწორედ მასთან ათანხმებდნენ. წრიპა კი მათ მითითებებს აძლევდა და მფარველობის გარანტიებს იძლეოდა.

საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს, წრიპას, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

მასშტაბური სპეცოპერაციის დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც განცხადება გაკეთდა. გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ გეგმავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები განზრახ მკვლელობას.

ჩხრეკისას ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, რომლითაც ისინი ერთმანეთს და „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

ბრალდებულებს, დანაშაულში დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×