რეზონანსი
26.09.2026

დედაქალაქის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი, კახა კალაძე საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს მადლობას უხდის. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, კალაძე წერს, რომ „საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელიც ქართულ ფეხბურთში თავისი ისტორიითა და წარმატებებით მოვიდა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში საკუთარი კვალი დატოვა. 2021 წელს, როცა ვილი სანიოლი მთავარ მწვრთნელად მოვიდა, ჩვენი ნაკრებისთვის რთული პერიოდი იყო.  მან გუნდის მართვასთან ერთად უმნიშვნელოვანესი რამ გააკეთა- ჩვენს ბიჭებს დაუბრუნა  რწმენა, ბრძოლის უნარი და გაუჩინა განცდა, რომ  ყველა ოცნების ასრულება შესაძლებელია. 

რა თქმა უნდა, ვილი სანიოლის სახელთან მუდამ იქნება დაკავშირებული დღე, როცა საქართველომ პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. შემდეგ კი იყო დაუვიწყარი გამარჯვება პორტუგალიასთან და ისტორიული გასვლა მერვედფინალში.  დღეს მთელმა მსოფლიომ იცის საქართველოს საფეხბურთო ნაკრების შესახებ და ამაში სანიოლის წვლილი მნიშვნელოვანია. 

მადლობა ვილის იმ დაუვიწყარი მატჩებისთვის, როცა საქართველოს ნაკრებს მთელი ქვეყანა ერთ მუშტად შეკრული გულშემატკივრობდა. საქართველო არ ივიწყებს ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის წარმატების ისტორიაში თავიანთი ფურცელი დატოვეს. ვილი სანიოლი და მისი სამწვრთნელო გუნდი სამუდამოდ დარჩება ჩვენი ქალაქის, ქვეყნისა და  ფეხბურთის ისტორიის განუყოფელ ნაწილად. მადლობა!“, - წერს კახა კალაძე. 

ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი აღარ არის - საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე, ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძის დებიუტი ორშაბათს, 28 სექტემბერს, უკრაინელებთან საშინაო მატჩში შედგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×