
ჭიათურაში მაღაროელთა დღე აღინიშნება. წლევანდელი ღონისძიება მასშტაბური და გამორჩეული იქნება. პროფესიული დღის მთავარი გზავნილია - „მადლობა მაღაროელს“. ამ ლოზუნგს დღესასწაულზე მთელი ქალაქი შეუერთდება. ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტრადიციული ნაწილია წლის საუკეთესო მაღაროელების გამოვლენა. განსაკუთრებული წვლილისა და პროფესიული დამსახურებისთვის გამორჩეულ მაღაროელებს სერტიფიკატები და ჯილდოები გადაეცემათ.
„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ ხელმძღვანელი, მიხაილ სოცკი აცხადებს, რომ კომპანიას გაწერილი აქვს ხუთწლიანი გეგმა, წარმოება სტაბილურად ვითარდება და ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა გაგრძელდება:
„მინდა, ყველას მივულოცო დღევანდელი დღე. შემოდგომით მაღაროელის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად იქცა. წარმოება მუშაობს, ორიენტირებულები ვართ განვითარებაზე. დღევანდელი დღე ხვალინდელის პერსპექტივაა. საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. ხუთწლიანი გეგმა უკვე გაწერილია და ვაპირებთ სტაბილურად განვითარებას სწორედ ამ გეგმის ფარგლებში. დასაქმებულები აუცილებლად იქნებიან უზრუნველყოფილი სამუშაოთი, ოჯახებს ექნებათ შემოსავალი, ვიმუშავებთ ხელფასების მატებაზე, უკეთეს სამედიცინო თუ სოციალურ უზრუნველყოფაზე, ვაპირებთ რომ ყველა მიმართულებით განვაგრძოთ აქტიური მუშაობა“, - აცხადებს მიხაილ სოცკი.