
„გარდიანი“ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ჟურნალისტმა უკრაინის დედაქალაქში იმოგზაურა და გახშირებული რუსული თავდასხმების ფონზე დაასკვნა, რომ კიევი სულ უფრო ემსგავსება ფრონტისპირა არსებულ ქალაქს.
სტატიის ავტორის თქმით, კიევი უკვე აღარ არის ის ქალაქი, რომელიც ზაფხულში იყო. აგვისტოს ბოლოდან რუსეთი ქალაქზე თავდასხმებს არა მხოლოდ ღამით, არამედ დღისითაც ახორციელებს. საჰაერო თავდაცვის სისტემების გრუხუნი, დრონების ზუზუნი და აფეთქებების ხმა უკვე ღამის შემზარავი ფონური მუსიკა აღარ არის. ეს ყოველდღიურობის ნაწილია, რომელიც ხელს უშლის სკოლებისა და სამუშაო ადგილების ნორმალურ ფუნქციონირებას და ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
თავდასხმების სამიზნე გახდა საწყობები და ქალაქის ავტოგასამართი სადგურები, ზოგჯერ კი შემოდგომის ნათელ დილას მძაფრი კვამლი ფარავს. კიევი ფრონტისპირა ქალაქად იქცა. ზამთარი კი ახლოვდება, აღნიშნულია სტატიაში.
კიევში ზამთარი ბევრისთვის შიშთან ასოცირდება. გასულ წელს სიცივე განსაკუთრებით მკაცრი იყო. ტემპერატურა -20 გრადუსამდე დაეცა და სიცივე უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, თებერვლამდეც კი.
ილუსტრატორი სერგი მაიდუკოვი იმ ადამიანებს შორის იყო, რომლებმაც საცხოვრებელ ბინებში გათბობა მას შემდეგ დაკარგეს, რაც რუსეთის ძალებმა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. თავდასხმების მიზანი, როგორც ჩანდა, დედაქალაქში ცხოვრების შეუძლებლად ქცევა იყო. მის სახლში ტემპერატურა 3 გრადუსამდე დაეცა, წერს სტატიის ავტორი.
სითბოს შესანარჩუნებლად მაიდუკოვი ტანსაცმლის რამდენიმე ფენას იცვამდა, თუმცა გასათბობად სირბილსაც მიმართავდა: „ამის შემდეგ მინიმუმ 10 წუთის განმავლობაში თავს ჩვეულებრივ ადამიანად გრძნობდი და მხოლოდ მაისურის ჩაცმაც შეგეძლო“, - იხსენებს ის.
მას გაზი სტაბილურად მიეწოდებოდა, ამიტომ ქვაბში წყალს აცხელებდა და ელემენტარულად ბანაობდა. მუშაობის დროს დროდადრო დგებოდა, ცეკვავდა ან აზიდვებს აკეთებდა, თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ეს შესაძლებლობა ყველას არ აქვს.