
მევენახეობა, მეღვინეობა ეს არის სოფლის მეურნეობის დარგი, რომელსაც თავისი ეკონომიკური მიზნები შეიძლება გააჩნდეს. ეს არის ბიზნესი, რომელიც ბიზნესის კანონებით უნდა ცხოვრობდეს და მოქმედებდეს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
„მეორე მხრივ, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს არის სოციალური პოლიტიკის ნაწილიც, მაგრამ, ამავდროულად ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ეთნო-ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების ერთ-ერთი საბაზისო მოცემულობა.
ღვინის ტრადიცია არა მხოლოდ 8-ათასწლოვანი ისტორიაა, ეს ყველაფერი დამატებით ეროვნულ, პოლიტიკურ და სოციალურ დატვირთვას სძენს ამ დარგს, ამიტომაც არის, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიდგომა ამ მიმართულებით ძალიან სენსიტიურია.
თითოეული წარმატება და გამოწვევა, რომელიც მევენახეობის ცხოვრებასა და განვითარებასთან არის დაკავშირებული, მწვავედ აღიქმება, განსხვავებით სხვა მნიშვნელოვანი დარგებისგან, რომელიც სოფლის მეურნეობისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის მოტივირებული ვიქნებით, რომ დარგის განვითარებისთვის საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.