
ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციისას, სულ მცირე, 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, ოსკარის მფლობელი მსახიობი სიუზან სარანდონი.
აქცია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ნეთანიაჰუს სიტყვით გამოსვლამდე გაიმართა. გაერო-ს შენობის წინ დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, თუმცა დემონსტრანტების ძირითადი ჯგუფი ადგილზე დარჩა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყეს.
ნიუ-იორკის სისხლის სამართლის კანონის 240.20 მუხლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ითვალისწინებს, მათ შორის, ტრანსპორტის ან ქვეითთა მოძრაობის შეფერხებას და შეკრების დაშლის შესახებ პოლიციის კანონიერი ბრძანების შეუსრულებლობას.
ამ სამართალდარღვევისთვის კანონით შესაძლებელია: 250 აშშ დოლარამდე ჯარიმა; 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა; ან ორივე სანქცია ერთად.
მოგვიანებით პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარასკევს ყველა მათგანს სასამართლოში გამოცხადების უწყება გადაეცა და ხანმოკლე დაკავების შემდეგ სახლში გაუშვეს.