
ჟურნალისტი დათა გვასალია, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს - “ქართული ოცნების” გამარჯვებიდან 14 წელს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გარეშე დღეს საქართველო იქნებოდა ომში, ტოტალურ შიშსა და უიმედობაში.
გვასალია ყურადღებას ამახვილებს 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ ჯანდაცვის, პენიტენციურ სისტემაში, პოლიციასა და სხვა სფეროებში ვითარების გაუმჯობესებასა და მიღწეულ წარმატებებზე. მისივე თქმით, კვლავ გაგძელდებოდა სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემა და რომ არა “ქართული ოცნება”, დააკანონებდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებებსა და შვილად აყვანის უფლებასაც.
"რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ვერ იქნებოდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი - დღე, როდესაც მისი ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ გაისტუმრა „ნაცრეჟიმი“, ხოლო რომ არა 2012.10.01 და რომ არა ბ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა, სად ვიქნებოდით დღეს, აქვე მინდა ჩამოვწერო ის, რაც უცებ გამახსენდა
1. დღეს ვიქნებოდით სხვების ინტერესების გატარების იარაღი - ეროვნული სუვერენიტეტის, ღირსეული საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების ნაცვლად
2. დღეს ვიქნებოდით ომში - მშვიდობის ნაცვლად
3. დღეს ვიქნებოდით ტოტალურ შიშსა და უიმედობაში - თავისუფლების ნაცვლად
4. დღეს ვიქნებოდით რეპრესიების ქვეშ - დემოკრატიის ნაცვლად
5. გვეყოლებოდა ერთ ენაზე მოსაუბრე პროპაგანდაში - ღია მედიასივრცის ნაცვლად
6. გვექნებოდა პოლიტიზებული განათლების სისტემა - თავისუფალი სკოლისა და უნივერსიტეტის ნაცვლად
7. ცუდად გახდომა კვლავ განაჩენი იქნებოდა, ოპერაციები თითქმის მიუწვდომელი, მკურნალობა თითქმოს შეუძლებელი - საყოველთაო ჯანდაცვის ნაცვლად
8. უფრო მეტი ადამიანი დაიხოცებოდა როგორც ციხეში, ისე გარეთ C ჰეპატიტით - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ნაცვლად (რომელშიც პირველი ქვეყანა იყო საქართველო)
9. გექნებოდა რეალობა რომელშიც სიკვდილის ტოლფასია ქრონიკული დაავადებების ქონა - სახელმწიფო პროგრამით მკურნალობის და ძვირი მედიკამენტების უფასოდ მიღების ნაცვლად
10. უფრო მეტი პატიმარი იქნებოდა ნაწამები - პატიმრების ციხის ბაღებსა თუ საამქროებში მუშაობის, განათლების უფლების, სპორტული აქტივობების და კიდევ ბევრი სიკეთის ნაცვლად
11. გვექნებოდა 99.99% გამამტყუნებელი განაჩენები და პროკურატურის ნოტარიუსად ქცეული სასამართლო - დამოუკიდებელი სასამართლო კორპუსის ნაცვლად
12. გვეყოლებოდა სახლებიდან გამოყრილი კიდევ ათასობით დევნილი - ათობით ათასი თანამედროვე საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილი ოჯახის ნაცვლად
13. გვექნებოდა ომისა და მილიტარისტული პოლიტიკა ჩვენი ძირძველი ოკუპირებული ტერიტორიების და იქ მცხოვრები ჩვენი ქვეყნის შვილების მიმართ - მშვიდობის პოლიტიკის ნაცვლად
14. გვექნებოდა ერთ დღეში მიწასთან მოსწორებული აქციები და სავაჭრო ობიექტების სახურავებზე შემოგდებული გვამები - ე.წ. უწყვეტი პროტესტის ნაცვლად, რომელიც თურმე დიქტატურას ებრძვის და დიქტატურაში რასაც უნდათ, იმას გაჰკივიან, + შეურაცხყოფა/ცილისწამება
15. გვექნებოდა პოლიციური ტერორი და შიში სამართალდამცავის მიმართ - რეფორმირებული პოლიციის ნაცვლად
16. გვექნებოდა „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა - რეფორმირებული სსკ-ს ნაცვლად
17. დღეს ვიქნებოდით იმ რეალობაში კვლავ, რომელშიც ახალგაზრდების ქუჩაში ჩაცხრილვა ყოველდღიურობის ნაწილია - კანონის უზენაესობისა და ადამიანზე ორიენტირებული სისტემის ნაცვლად
18. გვექნებოდა ბიზნესის წართმევა, ღამით წილების დათმობა და ბიზნესმენების პოლიტ. ნიშნით დაჭერა/დევნა - თავისუფალი ბიზნესგარემოს, საკუთრების ხელშეუხებლობისა და ეკონომიკური სტაბილურობის ნაცვლად
19. კიდევ უფრო მეტი ვიდეოჩანაწერებით სავსე კასრი - ადამიანის უფლების მაღალი სტანდარტის ნაცვლად
20. დადანაშაულებული საკუთარი მოსახლეობა და ჯარი 2008 წლის ომის დაწყებაში და საკუთარი ჯარისკაცების ჰააგის ტრიბუნალის რისკის ქვეშ დაყენება - ჰააგასა და სტრასბურგის სასამართლოებში საქართველოს ჯარის სრული გამართლებისა და ღირსების აღდგენის ნაცვლად
21. გვექნებოდა არჩევნების ტოტალური გაყალბება - ელექტრონული არჩევნების, ფარულობის გარანტიისა და რეალური პოლიტიკური პლურალიზმის ნაცვლად (რაც ოპოზიციამ ვერ შეირგო და ამიტომაც სჭირთ ის, რაც ბოლო IRI კვლევებშიც გამოჩნდა)
22. ქვეყნის გარედან დაკვეთილი ლგბტ იდეოლოგიური შტურმი - ოჯახისა და ბავშვების დაცვის, ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაციის ნაცვლად
23. ერთნაირსქესიანთა დაკანონებული ქორწინებები და შვილად აყვანის უფლება (რადგან დაუკვეთავდნენ და შეასრულებდნენ, ახლაც ამ აზრზე არიან) - კონსტიტუციაში ოჯახის ცნების (ქალისა და კაცის ერთობა) ჩანაწერის ნაცვლად
24. სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის გაგრძელება - სუვერენული პოლიტიკის და სტრატეგიული ობიექტების სახელმწიფო კუთვნილებაში დარჩენის ნაცვლად (როგორც ანაკლიის პორტი)
აღარაფერს ვამბობ ტურიზმის კოლოსალურ მიღწევებზე და მოგზაურთა ნაკადის ზრდაზე, ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, მეგაპროექტების, ინვესტიციების, სიღარიბისა და უმუშევრობის დონეების კლების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, განათლების, სპორტის მიმართულებით ცვლილებებზე, გაზრდილ ეროვნულ რეზერვებზე და მუდმივად მზარდ სოციალურ პროგრამებზე - მოსაყოლი კიდევ ბევრია, რადგან შეუძლებელია ასე ერთიანად ყველაფრის გახსენება, ამიტომ მე რაც გამომრჩა კომენტარებში ჩამოწეროთ,” - წერს გვასალია.