
ისრაელის საელჩო მადლობის წერილით ეხმიანება ქართველ-ებრაელი ექიმის გმირობას, რომელმაც Flydubai-ის რეისზე სხვებთან ერთად გადაარჩინა პილოტი.
საქმე ეხება დუბაიდან თელ-ავივის მიმართულებით შესრულებულ ფრენას, როცა თვითმფრინავი ჩამოგდებას გადაურჩა.
საელჩო წერს, რომ სწორედ შოთა მუსაევის და კიდევ სხვა ადამიანების გმირობამ გადაარჩინა 174 მგზავრი.
ჩვენ ვამაყობთ და ქედს ვიხრით შოთა მუსაევისა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, რომელთა სიმამაცემ 174 მგზავრის უსაფრთხოდ დაბრუნებაში გადამწყვეტი წვლილი შეიტანა.
მათ შორის, ვისი გმირობისა და სიმამაცის წყალობითაც Flydubai-ს რეისის მგზავრები გადარჩნენ, არის ქართული წარმოშობის ისრაელელი ექიმი - შოთა მუსაევი.
ის დაუფიქრებლად ერთ-ერთი პირველი შევარდა პილოტების კაბინაში, სხვა გმირ მგზავრებთან ერთად გაანეიტრალა ტერორისტი, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილ პილოტს აუცილებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა. შოთა მუსაევმა შეძლო ძლიერი სისხლდენის შეჩერება და გმირი პილოტის, კაპიტანი სმიტ მაჩჰარის მდგომარეობის დასტაბილურება თვითმფრინავის დაშვებამდე.
ექიმი შოთას მოქმედება იმ საერთო, გამორჩეული ძალისხმევის ნაწილი იყო, რომელმაც კაპიტნის, მგზავრებისა და ეკიპაჟის სიმამაცის წყალობით კატასტროფა თავიდან აიცილა და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა".- წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს, დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა საგანგებო სიგნალები გადასცა და საუდის არაბეთის საჰაერო სივრცეში უკან შემობრუნდა.
flydubai-ს ბორტმა თავდაპირველად გადასცა საერთაშორისო საგანგებო კოდი "7700". მალევე კი გაიგზავნა კოდი "7500", რაც თვითმფრინავის გატაცებას ან მასში უკანონო ჩარევას აღნიშნავს. თვითმფრინავი ქალაქ თაბუქის აეროპორტში დაეშვა.
ავარიულ დაშვებამდე გავრცელდა ცნობა, რომ კაბინაში ერთ-ერთმა პილოტმა მეორე, ინდოეთის მოქალაქე სმიტ მაჩჩჰარი დანით დაჭრა.
კაპიტანი საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვების შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს.