
ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მას პატივს სცემს, - განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ხალხს, რომელიც დღემდე იცავს იმ იდეალებსა და იდეებს, რომლებიც 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ჰქონდა „ქართულ ოცნებას", რადგან ეს არის ის იდეალები და იდეები, რომლებისთვისაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მაშინდელ ოპოზიციას - ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას".
„ყველაზე მთავარი, რაც 2012 წლის 1-ელმა ოქტომბერმა მოიტანა, არის ის, რომ ქართველმა საზოგადოებამ დაიბრუნა ღირსება და გაითავისა, რომ მას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც პატივს სცემს.
„ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში ღირსება, როგორც ასეთი, არ არსებობდა. სწორედ ამ დაბრუნებული ღირსების გამო, „ნაციონალურმა მოძრაობამ", ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვეღარ მოახერხა ხელისუფლებაში დაბრუნება.
2022 წელს ჩვენ, „ხალხის ძალამ", საზოგადოებას ვუთხარით სიმართლე. ვუთხარით, რომ გვებრძოდნენ ჯერ კულუარებიდან, შემდეგ კი - აშკარად, სურდათ საქართველოს ომში ჩათრევა, ეწეოდნენ ლგბტ პროპაგანდას და ა.შ.
ქართველ ხალხს ღირსება ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ განცდა იმისა, რომ ხელისუფლება პატივს სცემს ამ ღირსებას და თურმე შესაძლებელია ღირსებისთვის ბრძოლა, „ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს არ არსებობდა. სწორედ ეს დაბრუნებული ღირსების განცდა გამოდგა მტკიცე იმ პოზიციის შენარჩუნებისთვის, რასაც გაუძლო ქართულმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ ბოლო წლებში.
სამომავლოდ, რა თქმა უნდა, გასაძლიერებელია ჩვენი პოზიციები. ძალიან საყურადღებოა ის ხალხი, რომელიც დღემდე იცავს იმ იდეალებსა და იდეებს, რომლებიც გვქონდა 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე. ეს არის ის იდეალები და იდეები, რომლებისთვისაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა მაშინდელ ოპოზიციას - ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას". ეს იდეალები იყო ზუსტად ის, რასაც ქართული ფენომენი და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა ჰქვია.
ღირსებასთან ერთად, შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი. ჩვენ გვქონდა დამოუკიდებელი ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიყავით სუვერენული სახელმწიფო. ჩვენს საქმეებში ყოველთვის ერეოდნენ სხვები. მაგალითად, თუ პარლამენტის კომიტეტებს არ ექნებოდათ ამერიკის წინა ადმინისტრაციების, ევროკავშირის საელჩოს ან ენჯეოების პირდაპირი თანხმობა, ნებისმიერ კანონპროექტზე ჩნდებოდა პრობლემა და ეს საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის.
პრაქტიკულად, „ენჯეო" სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ" პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში. ისინი არ ექვემდებარებოდნენ არჩევნებს, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ქართველ ხალხს. პირდაპირ ინიშნებოდნენ და ფინანსდებოდნენ უცხოეთიდან", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.