რეზონანსი
05.10.2026

უკრაინის არმია ევროპაში წარმოადგენს ბუფერულ ზონას და ბარიერს პოტენციური რუსული აგრესიისთვის - ფინეთის პრეზიდენტის ეს განცხადება თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

"ქართული ოცნების" წევრთა შეფასებით, ომის მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერები უკვე ღიად აღიარებენ, რომ უკრაინა და უკრაინელები არიან ბუფერი რუსეთსა და ევროპას შორის და ეს ბედი ელოდა საქართველოსაც, რომ არა მმართველი პარტიის სწორი პოლიტიკა. 

საკითხს გამოეხმაურა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია საზოგადოებამ გაიაზროს, რამდენად დიდი საფრთხე აიცილა საქართველოს ხელისუფლებამ, რომლის თავიდან არიდებაც უკრაინამ ვერ შეძლო.

"ფინეთის პრეზიდენტმა რაც განაცხადა, ეს არის დეკლარირება იმ რეალური პოლიტიკისა, რომელსაც დასავლეთი აწარმოებდა უკრაინაში ევროკავშირის წევრობისა და ნატოს წევრობის ძახილით.

უკრაინა ჩაითრიეს უმძიმეს პროვოკაციულ ომში. ჩვენ გვახსოვს მიზეზები, რომელთა გამოც დაიწყო ომი უკრაინაში; პირველი - უკრაინა უნდა გამხდარიყო ნატოს წევრი, უკრაინა უნდა გამხდარიყო ევროკავშირის წევრი და დღეს ჩვენ პრაქტიკულად ვხედავთ მოცემულობას, რომ თურმე უკრაინა ყოფილა ბუფერული სახელმწიფო, რომელმაც უნდა შეაკავოს დასავლეთის მთავარი სტრატეგიული მოწინააღმდეგე - არა რუსეთის ფედერაცია, არა ევროკავშირის მომავალი წევრი ან ნატოს მომავალი ქვეყანა, არამედ ბუფერული სახელმწიფო, რომელიც არის პრაქტიკულად გადაქცეული ხორცსაკეპ მანქანად, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დასავლეთის მშვიდობა ბოლო უკრაინელ ჯარისკაცამდე.

აი, ეს იყო რეალურად დასავლეთის პოლიტიკა და ჩვენც ვიყავით ამ სცენარის ნაწილი, აი, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ კარგად გაიაზროს, რომ ჩვენც ვიყავით ამ სცენარის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანია ის განცხადებები, რომელიც კეთდება ახლა არა მარტო სტუბის მხრიდან, არამედ სხვა ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან, კარგად შეაფასოს და კარგად გაიაზროს საზოგადოებამ, რა საფრთხე ავიცილეთ ჩვენ, რომელიც ვერ აიცილა უკრაინამ და ჩვენ ავიცილეთ. აი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოებამ კარგად შეაფასოს", - აცხადებს გიორგი გაბუნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×