რეზონანსი
08.10.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომღერალ მიშო სულუხიას ირგვლივ შექმნილ მითქმა-მოთქმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ეხება წუხელ მომხდარ ინციდენტს. უწყება განმარტავს, რომ სულუხია ლისის მიმდებარედ, ტყის მასივში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა, პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა. გაქცევამდე ძირს დააგდო ტელეფონი, რომელიც დადგენილი წესით დაილუქა. 

"წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მოქალაქე, რომელიც ლისის მიმდებარედ, ქვეითად, ტყის მასივში საეჭვოდ გადაადგილდებოდა, სამართალდამცველებმა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს.

აღნიშნული პირი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ძირს დააგდო კუთვნილი მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

სამართალდამცველებმა ადგილზე დადგენილი წესით დალუქეს მობილური ტელეფონი, ასევე ტელეფონის ბუდეში მოთავსებული საბანკო ბარათი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს", - აცხადებენ შშს-ში.

გუშინ მომღერალი მიშო სულუხია წერდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც მას პოლიციელებდ გაეცნენ, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომღერლის მონაყოლის მიხედვით, მას შემდეგ რაც ტელეფონი წაართვეს და გაუტეხეს, ნახა როგორ ამზადებდა აღნიშნული ჯგუფი " შავ იზოლენტაში გადახვეულ ნივთს".

სულუხიას განცხადებით, ამის შემდეგ მან ადგილიდან გაქცევა მოახერხა, ტაქსის მძღოლი კი, რომლის ავტომობილითაც გადაადგილდებოდა, სავარაუდო პოლიცილებმა დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×