რეზონანსი
15.10.2026

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთში იმყოფება. ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანმა ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც უკვე მე-17 ტარდება გაეროს ეგიდით.

ეს არის საერთაშორისო ფორუმი, სადაც ლიდერებმა და გარემოსდამცველებმა უნდა იმსჯელოს დედამიწის ეკოსისტემების, ცხოველთა და მცენარეთა სახეობების გადარჩენის გზებზე.

ბუნების დეგრადაცია დღეს მთელი მსოფლიოს გამოწვევაა და და სწორედ ამას მიეძღვნება ირაკლი კობახიძის სიტყვა სამიტის გახსნის ოფიციალურ ნაწილში.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება სიტყვით მიმართოს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ის ბიომრავალფეროვნების გამოწვევებზე ისაუბრებს:

"პრემიერ-მინისტრს ექნება საშუალება სიტყვით მიმართოს კონფერენციის მონაწილეებს, სადაც ის ბიომრავალფეროვნების გამოწვევებზე ისაუბრებს, იმ ძალისხმევაზე, რომელსაც ქვეყანა, სახელმწიფო გასცემს გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ეკონომიკურ ზრდაზე და ეკონომიკურ ზრდისა და გარემოს დაცვის ურთიერთქმედებაზე. ეკონომიკური ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს," - აცხადებს ლევან ჟორჟოლიანი.

საქართველო გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას ჯერ კიდევ 1994 წელს შეუერთდა და შესაბამისად ქვეყანას აღებული აქვს კონკრეტული საერთაშორისო ვალდებულებები. მათ შორის არის დაცული ტერიტორიების გაფართოება, ბრაკონიერობის აღკვეთა და გადაშენების პირას მყოფი ენდემური ფლორისა და ფაუნის დაცვა. მაგალითად კავკასიური ჯიხვი, კოლხური ბზა, ქართული ფოცხვერი და ირემი.

სხვადასხვა საერთაშორისო ანგარიშებში საქართველო მეორე ადგილზეა ევროკავშირის გარემოს დაცვითი ვალდებულებების შესრულების მხრივ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×