
დღეს, მოსკოვის დროით 16:00 საათის მდგომარეობით, მოსკოვის ოთხ აეროპორტში 209 რეისი გაუქმდა და 222 გადაიდო - ინფორმაციას დამოუკიდებელი რუსული ტელეკომპანია "დოჟდ" საავიაციო აგრეგატორის, Airports.Ru-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველაზე მეტი - 155 რეისი შერემეტიევოში გაუქმდა, 50 კი ვნუკოვოში.
კიდევ ერთი გამოცემა „აგენტსტვო“ ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ჯერ კიდევ დღის 13:00 საათისთვის მოსკოვის აეროპორტებში იმაზე მეტი რეისი იყო გაუქმებული, ვიდრე პარასკევს, მთელი დღის განმავლობაში.
ამავდროულად, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრო 15:30 საათის მდგომარეობით მოსკოვის საავიაციო კვანძის აეროპორტებში მხოლოდ 103 გადადებულ რეისზე იუწყება.
სანქტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტში, აგრეგატორის მონაცემებით, გაუქმდა 33 რეისი, ხოლო კიდევ 92 რეისი გადაიდო. მოსკოვის საჰაერო სივრცე უკრაინული დრონების მასირებული იერიშების გამო ზედიზედ უკვე მეორე ღამეა სრულად პარალიზებულია.