რეზონანსი
18.10.2026

კონსტიტუციური სარჩელის განხილვამდე სამი დღე რჩება. 5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე 21 ოქტომბრიდან - 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს.

მტკიცებულებათა ნუსხით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკუთარ პოზიციას მოსასუხე, ისევ გაურკვეველია.

ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება შემადგენლობაზეც. გზები გაყოფილია - "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და გვარამიას "ახალი" დარბაზში იქნებიან, ჩერგოლეიშვილის "ფედერალისტები" დარბაზთან ახლოს, თუმცა ქუჩაში, გიორგი გახარიას პარტია კი ისევ ფიქრობს.

კონკრეტულ მტკიცებლებებს, ფაქტებსა და საგამოძიებო კომისიის 460 გვერდიან დასკვნას წარუდგენს მოსამართლეთა კოლეგიას უმრავლესობა და მოითხოვს, შეფასდეს, რამდენად შეესაბამება კონსტიტუციის მოთხოვნებს 5 პოლიტიკური ძალის ქმედებები ბოლო წლების განმავლობაში.

რევოლუციის არაერთი მცდელობა, დესტრუქცია, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული თავდასხმა - ამ მთავარი საკითხების გათვალისწინებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმტკიცებს, რომ აღნიშნული ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საინტერესოა რა არგუმენტით შეძლებენ მათი ოპონენტები სასამართლო სხდომაზე თავის დაცვას.

"პასუხისმგებლიანმა გუნდმა მიიღო საზოგადოებისგან დაკვეთა და ვალდებულება გვაქვს, რომ შევასრულოთ - გავწმინდოთ პოლიტიკური სივრცე იმ აგენტურისგან, რომელთაც ძალიან კარგად დაარქვა საზოგადოებამ თავისი სახელი და ვერცერთ ნომერს და ფერს ისინი ვერ ამოეფარებიან.

დაიწყება განხილვები. ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია რას ამბობს ეს აგენტურა და მათი სექტის მიმდევრები. ჩვენთვის მთავარია რა განწყობაა ჩვენ ქვეყანაში, რა სჭირდება ქვეყანას კიდევ უფრო მკაფიო და წარმატებული წინსვლისთვის.

ძალიან საინტერესოა როგორ დაიცავს თავს ეს აგენტურა დარბაზში. საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ეს სხდომა პირდაპირ ეთერში. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს რა არგუმენტებს მოიყვანენ თავის დასაცავად. ძალიან რთულია აგენტმა რომ თავი დაიცვას იმ სარჩელის წინააღმდეგ, რომელიც დაფუძნებულია ფაქტებზე", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×