
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, თანმხლებ პირებთან ერთად, მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯგუფურად იძალადეს სამ მამაკაცზე.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა მათგანმა დაზარალებულს ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც ძალადობაში მონაწილეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი ადამიანი დააკავეს.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.