
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობა, ამ წუთებში, სათათბიროდ გავიდა. მას შემდეგ რაც პლენუმის შემადგენლობა სხდომათა დარბაზში დაბრუნდება, ცნობილი გახდება დააკმაყოფილებს, თუ არა სასამართლო ოპოზიციური პარტიების შუამდგომლობას - საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აცილების თაობაზე.
საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისა და მათი საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პროცესი მიმდინარეობს, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილმა პლენუმის სრული შემადგენლობის, ნაწილმა კი რამდენიმე მოსამართლის აცილების შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს. ერთ-ერთი ოპოზიციონერის, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, ანა წითლიძის განცხადებით, სარჩელი მიმართულია არა პოლიტიკური ოპოზიციური პარტიების აკრძალვისკენ, არამედ საქართველოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების წინააღმდეგ.
აცილების საკითხს არ დაეთანხმნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“.