
მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ. თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, საერთოდ არ გამომიყენებია და მერე მეორე, მე არაფერი მერევა ერთმანეთში. სასამართლოს ელაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. გაფრთხილებული ხართ! - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა გვარამიას.
ნადარაიამ გვარამიას შუამდგომლობის დაყენებისას პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება არ მისცა და განცხადებით გამოეხმაურა გვარამიას რეპლიკას, რომ მოსამართლეს საკონსტიტუციო სასამართლო საერთო სასამართლოებში ერევა, სადაც პოლიტიკური განცხადების გაჩერება მოსამართლეს ჩაქუჩის გამოყენებით შეუძლია.
„კიდევ ერთხელ ვამბობ, თქვენი შეფასებები გააკეთეთ სხვაგან. ახლა დაასაბუთეთ სამართლებრივ დასაბუთებაზე მითითებით, თქვენ ვერ იქნებით განსაკუთრებული და განსხვავებული სხვებისგან და თქვენც იგივე მოგეთხოვებათ, რაც სხვებს.
მე არაფერს ჩაქუჩით არ ვაჩერებ, თუ პირდაპირი გაგებით გავიგებთ, საერთოდ არ გამომიყენებია და მერე მეორე, მე არაფერი მერევა ერთმანეთში და სასამართლოს ელაპარაკეთ, ძალიან გთხოვთ, კორექტულად. ანალოგიურად ძალიან კარგად ვარჩევ კორექტულობას და არაკორექტულობას ერთმანეთისგან და ანალოგიური არაკორექტულობის შემთხვევაში თქვენზეც გავრცელდება იგივე, გაფრთხილებული ხართ უკვე“, - განაცხადა ნადარაიამ.
ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის მასალების მტკიცებულებად დაუშვებლად ცნობას ეხებოდა. გვარამიას თქმით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახმობილ უნდა იქნეს, რადგან ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ხერხემალი.
„დღევანდელი სარჩელით არ კრძალავენ მხოლოდ 5 პარტიას. ეს არის მხოლოდ ფორმალური ჩარჩო იმისა, რაც რეალობაში ხდება. სინამდვილეში კრძალავენ მოქმედ პოლიტიკოსებს, ანუ ადამიანებს ინდივიდუალურად, კრძალავენ სამოქალაქო სექტორის ნათელ ტვინებს და მებრძოლ პატრიოტებს, კრძალავენ მთელ თაობას პოლიტიკაში, განათლებულებს, მშრომელებს, წესიერებს, სამშობლოს მოყვარულებს და მედასავლეთეებს. კრძალავენ ამათ, რჩებიან თავად, კორუმპირებულები, სამშობლოს მგმობელნი“, - განაცხადა გვარამიამ.
რევაზ ნადარაიას მიერ გვარამიას გაფრთხილება სწორედ პოლიტიკოსის ამ განცხადებას მოჰყვა, რასაც გვარამიამ ასე უპასუხა: „ეს არის ინკვიზიციური სასამართლო, რომელიც სამართლებრივ-პოლიტიკურია და როგორც სისხლის სამართლის პროცესში ჩაქუჩით შეგიძლიათ პოლიტიკური განცხადებების გაჩერება, ეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ ხდება“, - აღნიშნა გვარამიამ.