იტალიაში სატვირთო მანქანების მძღოლები საწვავის ფასებისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის გამო შეფერხებულია მაღაზიებისთვის პროდუქციის მიწოდება, ხოლო მალფუჭებადი სურსათი სატვირთო მანქანებსა და საწყობებში ფუჭდება.
სუპერმარკეტების ქსელ „კონადის“ წარმომადგენლების განცხადებით, დიდი რაოდენობით ხილი, ბოსტნეული, რძე და ხორცი სატვირთო მანქანებსა და საწყობებშია გაჩერებული.
სატვირთო მანქანების მძღოლების საპროტესტო აქციის გამო ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებულია. ნეაპოლის მახლობლად, ავტომაგისტრალზე, სატვირთო მანქანების გადაადგილების შეზღუდვის გამო, ავტომობილების გრძელი რიგები წარმოიქმნა. საწვავის მიწოდების შეფერხებამ პრობლემები შექმნა კალაბრიის რეგიონის ორ აეროპორტშიც.
პროტესტს ფერმერებიც შეუერთდნენ. ისინი ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიის ქალაქ რავენას ცენტრალურ მოედანზე სატვირთო მანქანებითა და ტრაქტორებით მივიდნენ.
იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის განცხადებით, მთავრობა მზად არის, განიხილოს დიზელის ფასზე ზედა ზღვრის დაწესების შესაძლებლობა, რათა სატვირთო გადამზიდავებს საწვავის გაძვირებით გამოწვეული ხარჯების შემცირებაში დაეხმაროს.